ახალი ამბები
საჩხერეში მოქალაქეს პირბადის გამოუყენებლობისთვის გამოწერილი ჯარიმა გაუუქმეს
FaceBook

საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ კახა ყიფიანმა, მოქალაქე გიორგი ჭიღლაძის საჩივარი დააკმაყოფილა, რომელიც ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის მისთვის გამოწერილ ჯარიმას ეხებოდა.


მოსამართლემ არაკანონიერად ჩათვალა სამართალდამცავის მიერ 25 დეკემბერს გამოწერილი საჯარიმო ქვითარი, რომლითაც მოსარჩელე 20 ლარით დაჯარიმდა. გიორგი ჭიღლაძემ, იმის გათვალისწინებით, რომ მისი დაჯარიმების მომენტში პირბადის ტარების წესის დარღვევის შესახებ დოკუმენტი პარლამენტს მიღებული არ ჰქონდა, ჯარიმა გაასაჩივრა. 10 მარტს კი მას აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება მოეხსნა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს მენეჯერი იროდიონ არსენიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დადგენილებაში აისახება.


"თუ როგორ აქვს მოსამართლეს აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტებული, ეს დადგენილებაში ჩაიწერება, რომელიც მხარეებს გადაეგზავნებათ", - განაცხადა იროდიონ არსენიძემ.


2021 წლის 18 თებერვლამდე კანონში არ არსებობდა ნორმა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარება ევალებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჯარიმას მაინც წერდნენ.

Print