ახალი ამბები
კომპანია „ენკა“ სასამართლოში პროცესზე არ გამოცხადდა
FaceBook
ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია "ენკა" წყალტუბოს სასამართლოში 10 მარტს ჩანიშნულ პროცესზე არ გამოცხადდა.

მაგისტრატ სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა,  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევის გამო  უნდა დაწყებულიყო. პროცესზე მხოლოდ საიას ქუთაისის ფილიალის იურისტები და  მოსარჩელე  მაკა სულაძე გამოცხადდნენ.   პროცესი  ნამახვანჰესის  კასკადის მშენებელი კომპანიის მხრიდან არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 2020 წლის 16 ოქტომბერს დაათვალიერეს პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული ტერიტორია.  ინსპექტირების შედეგად დეპარტამენტმა  დაადგინა, რომ  შპს "ენკა რინიუებზლს"  არა აქვს შესრულებული როგორც   ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით,  ასევე   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის   2020 წლის 28 თებერვლის # 2-191 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული  15 პირობა.  თუმცა, სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდა და ის საზოგადოებითვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, 4 თვის შემდეგ,  "მწვანე ალტერნატივას" საჩივრის საფუძველზე", - ნათქვამია "საიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რიონის ხეობის მცხოვრებლებმა კომპანია "ენკას" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ერთი თვის წინ შეიტანეს. ადგილობრივები ჰესის პროექტზე სასამართლო დავაში არიან გარემოს დაცვის სამინისტროსთანაც, რომელსაც გასული წლის აპრილში უჩივლეს, თუმცა, საქმეზე პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა.
Print