ახალი ამბები
"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს
FaceBook
პარლამენტში, კომიტესტის სხდომაზე, ჰესების მშენებლობის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუსმინეს.

მინისტრის განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებაში დეტალურად არის გაწერილი ყველა პროცედურა, თუ როგორ უნდა დაასაბუთოს თითოეული მიწის ნაკვეთის მიღება და გადაცემა ინვესტორმა კომპანიამ.
"ნამახვანთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული საკითხი მიწის პრივატიზებაა. აქ მინდა გავმიჯნო, სად ვხედავთ პრობლემას. თუ პრობლემაა ის, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქულ კომპანიას, ამ დისკუსიაში ვერავის წამოგყვებით, იმიტომ რომ საუბარია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე, მეზობელზე, ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოზე. თუ პრობლემაა იმაში, რომ მიწა გადაეცა უცხოელ ინვესტორს, რატომ ამდენი და რა მიზნით, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ",- განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღდგეებმა უნდა დააკონკრეტონ რაშია პრობლემა.

"თუ პრობლემაა ის, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინვესტორი და არა ქართველი ინვესტორი, შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობას თუ გავყვებით, "ენერგო-პროს", ჩეხურ კომპანიას აქვს საკმაოდ დიდი და მოცულობითი აქტივები - შაორი, გუმათი, რიონი, თავისი წყალსაცავებით და რა? მოიკიდა კისერზე ეს მიწა და გაიტანა ჩეხეთში თუ 6 500 კაცი დაასაქმა საქართველოში. აქედან გამომდინარე, უნდა დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია", - განაცხადა მინისტრმა საკომიტეტო მოსმენაზე.

ნათია თურნავამ, ჰესის მშენებლობის მოწინააღდგეებს შესთავაზა შეექმნათ სპეციალური კომისია, სადაც მათი ნდობით აღჭურვილი პირები მიიღებენ მონაწილეობას და გადაიხედება გადაცემული მიწა.

"შეგვიძლია შევქმნათ სპეციალური კომისია, სადაც თქვენი ნდობით აღჭურვილი პირები მიიღებენ მონაწილეობას და გადავხედოთ თოთოეულ მიწას. თუ აღმოჩნდება, რომ რაღაც გადის პროექტის გარეთ, კომპანიას აქვს ვალდებულება დააბრუნოს უკან, მაგრამ მე მგონია, რომ ყველაფერი მაქსიმალურად დასაბუთებულია. ასევე, მომავალში გადასაცემ თითოეულ მიწის ნაკვეთზე შეგვიძლია ასეთივე წესით ვიაროთ", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
ჰესების მშენებლობის განხილვას, მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შეჩერების პეტიციის ავტორებიც ესწრებიან. პეტიციაზე 10 135 მოქალაქეს აქვს ხელი მოწერილი.

როგორც პეტიციის ავტორები აცხადებენ, რიონის ხეობა საფრთხეშია და ონისა და ნამახვანის კასკადების მშენებლობა საფრთხის წინაშე აყენებს არა მხოლოდ რიონის ხეობასა და ბუნებას, არამედ რაჭის, ლეჩხუმისა და ქუთაისის მოსახლეობას. პეტიციაში ნათქვამია, რომ არც ონის და არც ნამახვანის კასკადის პროექტებში სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები.
პეტიციის ავტორები ჰოდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ.

5 მარტს, რიონის ხეობაში პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონიმიკისა და სოფლის მეურენეობის მინისტრები ჩავიდნენ. შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მომავალი კვირის ბოლომდე კომპანია "ენკა" ჰესის სამშენებლო სამუშაოებს შეაჩერებს.

თუ სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ პირობა შესრულებული არ იქნება, ხეობის მცველები 14 მარტის გეგმას, რომელიც ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქციის გამართავს გულისხმობს, განახორციელებენ.

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. ადგილობრივებმა 9 მარტს კარავში 135-ე ღამე გაათენეს. ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print