ახალი ამბები
პარლამენტში ჰესების თაობაზე დღეს მინისტრებს მოუსმენენ
FaceBook
რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მინისტრებს მოუსმენენ.
ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დღეს, 9 მარტს გაიმართება, სადაც მოწვეული არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტში 10 135 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციაა წარდგენილი. როგორც პეტიციის ავტორები აცხადებენ, რიონის ხეობა საფრთხეშია და ონისა და ნამახვანის კასკადების მშენებლობა საფრთხის წინაშე აყენებს არა მხოლოდ რიონის ხეობასა და ბუნებას, არამედ რაჭის, ლეჩხუმისა და ქუთაისის მოსახლეობას. პეტიციაში ნათქვამია, რომ არც ონის და არც ნამახვანის კასკადის პროექტებში სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები.

პეტიციის ავტორები ჰოდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ.

5 მარტს, რიონის ხეობაში პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონიმიკისა და სოფლის მეურენეობის მინისტრები ჩავიდნენ. შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მომავალი კვირის ბოლომდე კომპანია "ენკა" ჰესის სამშენებლო სამუშაოებს შეაჩერებს.

თუ სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ პირობა შესრულებული არ იქნება, ხეობის მცველები 14 მარტის გეგმას, რომელიც ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქციის გამართავს გულისხმობს, განახორციელებენ.

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. ადგილობრივებმა 9 მარტს კარავში 135-ე ღამე გაათენეს. ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print