ახალი ამბები
“ჩვენ არ გვყავს მოსაკლავი შვილები” - მშობლების მარში ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში "ქალთა მოძრაობის" ინიციატივით "1000 მშობლის მარში" გაიმართა.

არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების გასაპროტესტებლად, ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა კანონში შევიდეს ცვლილება და დაზუსტდეს რა ითვლება სექსუალურ ძალადობად. აქციის მონაწილეები არასაკმარისად მიიჩნევენ  გაუპატიურების კანონის მიხედვით განმარტებას და აუცილებლობად მიიჩნევენ, პირის მიერ სექსუალურ კავშირზე უარის თქმა ჩაითვალოს ძალადობად.

"გაუპატიურებად დღემდე ითვლება გარემოება, თუ მსხვერპლს აქვს ფიზიკური კვალი. ამიტომ, საჭიროა დაზუსტდეს კანონი და უარის თქმა უკვე შეფასდეს სექსუალურ ძალადობად. ჩვენ თუ გვინდა თანასწორ, ჯანსაღ, დემოკრატიულ გარემოში ვიცხოვროთ, უნდა შევცვალოთ გარემო, რომელიც ჩვენს პატარა  გოგონებს კლავს. ჩვენ არ გვყავს მოსაკლავი გოგონები. ამიტომ, ყველა ვალდებულია გამოვიდეს და გააპროტესტოს ის, რაც ხდება",
- ამბობს ხელოვნებათმცოდნე ნატალი პატარიძე.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად,  მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სკოლებში სექსუალური განათლების შეტანას, რომელიც მოზარდს მეტად ინფორმირებულს გახდის და დაეხმარება სექსუალური ძალადობისგან თავის დაცვაში.

"მსგავს საკითხებზე მოზარდები  ცოდნას იღებენ მეგობრებისგან, სხვადასხვა სოციალური ჯგუფისგან, რაც არასწორია. ამიტომ საჭიროა ფორმალური, სასკოლო განათლება. აქ არ არის საუბარი სექსზე, აქ საუბარია ინფორმაციის მიღებაზე სხეულის შესახებ, იმ ცვლილებებზე, რაც გარდატეხის ასაკში ხდება და მათ უფლებებზე, რომ აქვს თუ არა ვინმეს უფლება ისინი მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. ყველა მშობელი უნდა იდგეს ახლა აქ და სთხოვდეს სახელმწიფოს კანონში ცვლილების შეტანას, რათა დავიცვათ ჩვენი შვილები", -  ამბობს ჟურნალისტი, ქეთი ბერძენიშვილი.

"1000 მშობლის მარში", რომელიც ქობულეთში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 14 წლის გოგონას მიერ თვითმკვლელობის შემდეგ დაიგეგმა, პარალელურ რეჟიმში გაიმართა თბილისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, მარნეულში, ქობულეთში, რუსთავში, ახალციხესა და ხარაგაულში.

კამპანიის ორგანიზატორები მოითხოვენ სისხლის სამართლის კოდექსში შიცვალოს გაუპატიურების მუხლი და მოძალადის მიმართ თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ამოსავალი; პროკურატურაში შეიქმნას დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; სქესობრივი განათლება გახდეს ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა; დადგეს ქობულეთში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლის 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი.

Print