ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები,
ცაგერის შეხვედრის შემდეგ, სადაც რიონის ხეობის "მცველები" არ
მივიდნენ, სოფელ ნამოხვანში პროტესტის ადგილზე
გაემგზავრნენ.
მთავრობის წევრებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც
აქტივისტებმა, რომლებიც ოთხ თვეზე მეტია ხეობაში ჰესის მშენებლობას
უწყვეტად აპროტესტებენ, ცაგერში ჩასვლაზე უარი განაცხადეს. მათთვის
ხელისუფლების მიერ შეთავაზებული დახურული ფორმატი მიუღებელი იყო.
მოგვიანებით განხილვაზე მედია დაუშვეს, თუმცა, ეს იმდენად მოკლე დროში
მოხდა, რომ აქტივისტებს გადაწყვეტილება რომც შეეცვალათ, შეხვედრაზე
ჩასვლას ვერ მოასწრებდნენ. ისინი სოფელ ნამოხვანში, კარავში
იმყოფებიან და მინისტრებს იქ ხვდებიან.
ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში,
ნამახვანჰესის საკითხის განხილვას ადგილობრივები დაესწრნენ. მათ შორის
იყვნენ საჯარო მოხელეებიც. შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის
მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ შეხვედრა შედეგიანი
აღმოჩნდა, თუმცა, კულტურის სახლის დარბაზი რამდენიმე ადგილობრივმა
პროტესტის ნიშნად შეხვედრის დასრულებამდე დატოვა.
ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს, რიონის ხეობის მცხოვრებლებთან
შეხვედრა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე
დაავალა.
რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება.
ადგილობრივებმა 3 მარტს კარავში 130-ე ღამე გაათენეს. ხელისუფლებამ
ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ
დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა,
სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ
შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები
ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო
უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური
ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე.
მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და
ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34
მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს
ქუთაისამდე.
მასალის გამოყენების პირობები