ახალი ამბები
ქუთაისში სოციალური მოსახურების სააგენტოს პროექტს აკრიტიკებენ - ხალხი აბუჩად აიგდეს
FaceBook
"ეს პროექტი არ არის ხალხის სასარგებლოდ, ესაა სოციალური სამსახურის მორიგი ფარსი," 


ქუთაისში მცხოვრები ვეფხია მიაქაუტაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტს აკრიტიკებს და ირწმუნება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრი მოქალაქეებს ატყუებს.

ვეფხია მიქაუტაძის მტკიცებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა ფარსი აღმოჩნდა, რადგან მოქალაქეებს მათი არჩევანის მიხედვით გადამზადების შესაძლებლობა არ მიეცათ.

"ჩემი ჩათვლით, სარესტორნო საქმეზე გადამზადების მიზნით 7 ადამიანი შეირჩა კონკურსით. ვაუჩერიც სარესტორნო საქმეზე გადამზადების მიზნით მომცეს. როცა მომზადება დავიწყე კოლეჯში თქვეს რომ ორ საქმეს, სარესტორნო და სასტუმრო საქმეს გააერთიანებდნენ და ერთ სერთიფიკატს მოგვცემდნენ, თუმცა ორკვირიანი სწავლების პროცესის შემდგომ გამოაცხადეს, რომ მხოლოდ სასტუმრო საქმის შესწავლის უფლება მომეცემოდა. თუმცა ჩემი ინტერესის საგანი სარესტორნო საქმე იყო. შესაბამისად, ეს პროექტი არ არის ხალხის სასარგებლოდ, ესაა სოციალური სამსახურის მორიგი ფარსი, მათ აბუჩად აიგდეს მოქალაქეები," - ამბობს სოციალური სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამის ბენეფიციარი ვეფხია მიქაუტაძე.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში განმარტავენ, კოლეჯ ელიტში, რომელთანაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება მომსახურების მიწოდებაზე, ვერ მოახერხეს სარესტორნო საქმეზე გადასამზადებელი ჯგუფის შექმნა. რადგან აღნიშნულ პროფესიაზე მსურველთა მცირე რაოდენობა იყო.

"როგორც ელიტის ხელმძღვანელობამ განგვიმარტა, მომსახურების მიწოდებას ერთ კონკრეტულ პროფესიაზე, კერძოდ, სარესტორნო საქმეზე ვერ მოახეხებდნენ, არ იყო საკმარისი რაოდენობა მსურველების, რაც აბსოლუტურად არ არის სააგენტოს ბრალი," - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე.

სააგენტოშივე განმარტავენ, რომ პროგრამა სამუშაოს მაძიებელთა გადამზადებისათვის ჯერ ახალია და დახვეწის ეტაპზეა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრმა სარესტორნო, სასტუმრო და ინფორმაციული ტექნოლოგიების კურსების გავლის მსურველებისთვის, კონკურსი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადა.

სამუშაოს მაძიებელი ადამიანებისთვის სხვადასხვა პროფესიული უნარჩვევების შესაძენად ორთვიანი გადასამზადებელი კურსები ტარდება.
პროექტის ფარგლებში, კონკურსის მიხედვით გამოვლენილი თითოეული ბენეფიციარის გადამზადებისთვის გამოყოფილია 70 ლარიანი ვაუჩერი. ვაუჩერის საფუძველზე, ბენეფიციარები გადამზადებას სხვადასხვა დაწესებულებაში გადიან.

პროგრამის სასტარტო ეტაპზე, ქუთაისში კონკურსი გადამზადების მსურველთათვის სამ პროფესიაზე, სარესტორნო, სასტუმრო საქმესა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე გამოცხადდა.

Print