ახალი ამბები
სამჯერ გადავადებული ხელშეკრულება და ავტოპარკის დაუსრულებელი სამუშაოები
FaceBook
ქუთაისის მერიამ ათ თვეზე მეტია ახალი ავტობუსებისთვის ავტოპარკი ვერ მოაწყო.
იმის მიუხედავად, რომ შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულების ვადა სამჯერ გაუხანგრძლივა,  ტერიტორიაზე სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ ისევ დაუსრულებელია.

ადმინისტრაციული შენობა

სამრეცხაო და ტექნიკური დათვალიერების ადგილი


შესასვლელი

ბოლო ცვლილებით "სკაიჰაუსს" სამუშაოების ვადა 27 თებერვალს ამოეწურა. ქუთაისის მერიაში ირწმუნებიან, რომ კომპანიას დრო 22 მარტამდე გაუხანგრძლივეს, თუმცა, შესყიდვების გვერდზე მსგავსი დოკუმენტი ატვირთული არ არის.

კომპანიის დირექტორს, იოსებ მახვილაძეს  ავტოპარკის მშენებლობაზე საუბარი არ სურს. ადგილზე დასაქმებული სამუშაოების ზედამხედველები კი ამბობენ, რომ  პროცესი უამინდობის გამო გაჭიანურდა, თუმცა, როგორც წესი, მსგავსი სამუშაოებისთვის ვადის განსაზღვრა ნალექიანი ამინდების გათვალისწინებით ხდება.

მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების ვადის დარღვევის გამო, კომპანიას 60 000 ლარი დაუკავდა.

"შპს "სქაიჰაუსს" ობიექტური მიზეზების გამო (პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, უამინდობა) რამდენჯერმე გადაეწია სამუშაოების დასრულების ვადა. ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილების მიხედვით,  22 მარტამდე გაუგრძელდა ვადა. თუ ამ პერიოდშიც არ დასრულდება ავტოპარკის მშენებლობა, ფირმას დაეკისრება შესაბამისი ჯარიმები. აქვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძირითადად შესასრულებელია გარე სამუშაოები და თუ სამუშაო დღეთა რაოდენობის ნახევარი კვლავ უამინდობა იქნება, შესაძლებელია ხელშეკრულების ვადა ისევ გაგრძელდეს.გეგმა გრაფიკის დარღვევის გამო, შესრულებული სამუშაოებისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან კომპანიას დაუკავდა 60 ათასი ლარი", - აცხადებენ მერიაში.


მოუწყობელი ავტოპარკის გამო,  მუნიციპალური  ავტობუსები სამუშაო დღის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ბაზაზე გადაჰყავთ.

გარდა ავტოპარკის არარსებობისა, ქუთაისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანას სხვა მხრივაც მოუმზადებელი დახვდა. იმის მიუხედავად, რომ ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განახლებაზე თვითმმართველობა ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდა, ვერ მოახერხა ისეთი ელემენტარული საკითხის მოგვარება, როგორიცაა ელექტრონული ტაბლოების მოწყობა გაჩერებებზე. 

მერიას ამ დრომდე არ აქვს არც სვლაგეზების ახალი სქემა. გასული წლის ნოემბრიდან შემოყვანილ ავტობუსებში კი ისევ არ არის დამონტაჟებული დისტანციური გადახდის სისტემა და მათ მერია კიდევ სამი თვე ვერ მოაწყობს. სამაგიეროდ, ახალი ავტობუსების გამოჩენის დღიდანვე დაიწყო მსჯელობა მგზავრობის ღირებულების გაზრდაზე. ქუთაისის მერია ვერ უარყოფს, რომ ტარიფი მოიმატებს. მერი აცხადებს, რომ მგზავრობის ფასი ავტობუსებში გადახდის სისტემის მოწყობამდე არ გაიზრდება, ამის შემდეგ კი საკითხზე იმსჯელებენ.

ამავე თემაზე:

ავტოპარკი ავტობუსების გარეშე (ფოტო)


როგორი უნდა იყოს ქუთაისის ავტოპარკი, ფოტოები ნახეთ აქ.

Print
თეგები: #ავტოპარკი