ხეობის "მცველების" თქმით, ადგილზე ტექნიკა
ჯერჯერობით არ გამოჩენილა, თუმცა, ქუთაისიპოსტს კომპანიაში
დაუდასტურეს, რომ პროცესი არ შეჩერებულა.
"კომპანიის სამივე ოფისი თბილისში, ქუთაისსა და
ჟონეთში ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს", - აცხადებენ
კომპანიაში.
რიონის ხეობის მცველებმა სოფელ ნამოხვანში 28
თებერვალს 127-ე ღამე გაათენეს. საპროტესტო კარავში გუშინ
100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე
ქუთაისში გამართული ფართომასშტაბიანი აქციის შემდეგ გაემართნენ.
ცენტრალურ მოედანზე გუშინ ნამახვანჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად
ათასობით ადამიანი მივიდა. ხეობის მცველებს მხარდაჭერა
სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულებმა გამოუცხადეს.
აქციაზე ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ულტიმატუმიც წაუყენეს და განაცხადეს, რომ თუ ორი
კვირის ვადაში მთავრობა არ გააუქმებს ნამახვანჰესის მშენებლობის
ნებართვას, 14 მარტს ცენტრალურ მოედანზე ფართომასშტაბიანი აქცია
გაიმართება, სადაც აქტივისტები საკუთარი ავტომანქანებით ქალაქის
პიკეტირებას მოახდენენ.
რიონის ხეობაში 433მგვ. სიმძლავრის კასკადების
მშენებლობას ადგილობრივები ოთხ თვეზე მეტია აპროტესტებენ.
ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. მათი
თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები,
წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და
წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე
წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არამხოლოდ ხეობას, არამედ 19
წუთში მიაღწევს ქუთაისამდე.
მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში
პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა
რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.მათი ინფორმაციით,
წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე
ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატი ენერგიას
გამოიმუშავებენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად
20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის
დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით
მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა
ზომა დაცულია.
მასალის გამოყენების პირობები