ახალი ამბები
რესტორნები რვა მარტიდან შიდა სივრცეში მუშაობას განაახლებენ
FaceBook
რესტორნები შიდა სივრცეში მუშაობას, პირველი მარტიდან ბათუმში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში გააგრძელებენ.


ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ კვირის გარდა. რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციების და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად გაკონტროლებული.კონფერენცია და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1-ელი მარტიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რესტორნები ამ დრომდე მხოლოდ გარე სივრცეში მუშაობდნენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით ძალაში რჩება კომენდანტის საათი 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ასევე ძალაში რჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც დახურულია ბაზრობები, სავაჭრო მოლები. აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობაც.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი თებერვლის დასაწყისიდან შეამსუბუქა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, მუშაობა დაიწყო საქალაქო ტრანსპორტმა, გაიხსნა ბაზრობები და ღია სივრცეში მუშაობის უფლება მისცეს კვების ობიექტებს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ შეზღუდვები 2020 წლის ნოემბერში დააწესა.
Print