ახალი ამბები
რა შეზღუდვების ნაწილი იხსნება 25 თებერვალიდან
FaceBook
ხვალ,  25 თებერვლიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება. ასევე ხვალიდან გაიხსნება ზამთრის კურორტები.

პრემიერის თქმით, 8 მარტიდან გაიხსნება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროებიც.

"წარმოგიდგენთ ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმას. სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან, არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით. სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით ძალაში რჩება კომენდანტის საათი 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ასევე ძალაში რჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც დახურულია ბაზრობები, სავაჭრო მოლები. აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობაც. 

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი თებერვლის დასაწყისიდან შეამსუბუქა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, მუშაობა დაიწყო საქალაქო ტრანსპორტმა, გაიხსნა ბაზრობები და ღია სივრცეში მუშაობის უფლება მისცეს კვების ობიექტებს.


კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ შეზღუდვები 2020 წლის ნოემბერში დააწესა.




Print