ახალი ამბები
"დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი'' - ღარიბაშვილი მელიას დაკავებაზე
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და პოლიციას მადლობას გადაუხადა.
"დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ვართ ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიცია, ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა, საჯაროდ გომელაურს მთელი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო და მთელ პოლიციას იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა", -  განაცხადა ირაკლი  ღარიბაშვილმა.

მისი  თქმით,  რომ ნიკა მელია კრიმინალია. მისისვე განმარტებით ყველა ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს.

პრემიერ-მინისტრმა სპეცოპერაციის სტანდარტებზეც ისაუბრა.

"ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი, დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი. ის, რაც არის ევროპული, ამერიკული, თანამედროვე დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი. მადლობა გომელაურს და მთელ პოლიციას, ვამაყობ თქვენით", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე, ნიკა მელია, გამთენიისას დააკავეს.

პოლიციელების და სპეცრაზმელების ნაწილი შენობაში შესასვლელებიდან, ნაწილი კი სახანძრო ავტომანქანის კიბის გამოყენებით შევიდა. გატეხეს ოთახის კარი, სადაც მელია იმყოფებოდა.

ნიკა მელიას გარდა სამართალდამცველები აკავებენ აქტივისტებსაც, დაკავებულებს შორის არის ზუკა ბერძენიშვილი მოძრაობა "სირცხვილიადან".

სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში, მელიას დაკავებამდე ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

ნიკა მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებდნენ.

17 თებერვალს, 20 ივნისის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა 6 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ მიიღო.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტიების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, პატიმრობით შეცვლასთან, მან მიიღო გადაწყვეტილება გადადგეს დაკავებული პოსტიდან. გახარიას თქმით, მან ამ საკითხზე მის გუნდთან საერთო პოზიციის შეთანხმება ვერ მოახერხა.
Print