ახალი ამბები
ჭიათურაში მოსახლეობამ მაღაროსთან მისასვლელი გზა ჩაკეტა
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ შუქრუთში მოსახლეობამ მაღაროსთან მისასვლელი გზა ჩაკეტა.
ადგილობრივების პროტესტი "ჯორჯიან მარგანეზის" მიერ ქვანახშირის მოპოვებითმა სამუშაოებმა გამოიწვია.

მათი თქმით, საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც მუდმივ შიშში ცხოვრობენ.


საცხოვრებელი სახლის კედელი შუქრუთში

სახლების დაბზარვა და ჩამონგრევა შუქრუთში მცხოვრებლებისთვის ერთადერთი პრობლემა არ არის. სამუშაოების გამო, ნაპრალები გაუჩნდა სახნავ-სათეს მიწებს და სამეურნეო თვალსაზრისით უსარგებლო გახდა.


საცხოვრებელი სახლი შუქრუთში

ცოცხლების გარდა პრობლემა შეეხოთ მიცვალებულებსაც. მცოცავი მიწის გამო, ადგილობრივებმა, გარდაცვლილი ნათესავები და ოჯახის წევრები სხვაგან გადაასვენეს. ინგრევა ახალაშენებული ეკლესიაც.

ადგილობრივების თქმით, ისინი სამუშაოების შეჩერებას ან სათანადო კომპენსაციის მიღებას მოითხოვენ, რაზეც მათი თქმით ამ დრომდე უარს ეუბნებიან.

შუქრუთში, სამთო-მოპოვებით სამუშაოებს ,,შუქრუთი+'' აწარმოებს.

კომპანიის თქმით, შუქრუთში მოსახლეობის ნაწილი კომპენსაციით სრულად დაკმაყოფილდა, რიგ ოჯახებს კი მოთხოვნა ნაწილობრივ დაუკმაყოფილდა.

,, კომპენსაციის გაცემა დღემდე ეტაპობრივად გრძელდება''

,,შუქრუთი+'' წელიწადნახევარია სოფელ შუქრუთში ოპერირებს. კომპანიამ მას შემდეგ დაიწყო მუშაობა, რაც ,,ჯორჯიან მარგანეზმა'' აქ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოებაზე უარი თქვა.

,,შუქრუთი+'' დასაქმებულია 800 ადამიანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში მადნის მოპოვება საბჭოთა პერიოდშიც დაიწყეს, თუმცა პროცესი დასახლებული პუნქტისთვის საფრთხისშემცველი აღმოჩნდა და მალევე შეწყვიტეს. ახლა კი  ფეხქვეშ მიწის გამოცლას ყოველდღე ელოდებიან.

შუქრუთში 290 ოჯახი ცხოვრობს.
Print