ახალი ამბები
ქუთაისში, ღია სივრცეში ბიბლიოთეკის მოწყობა იგეგმება
FaceBook
უთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ბავშვთა სამყაროს ადგილზე, ღია სივრცეში ბიბლიოთეკა მოეწყობა.

ახალი სივრცის მოსაწყობად საჭირო პროექტირება 1 497 ლარის სანაცვლოდ, კომპანია "ბაბლის" ტენდერის (NAT210001562) გზით დაევალა.

მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოცხადდება ღია სივრცის მოწყობაზე სახელმწიფო შესყიდვა.  შესაბამისად, ჯერ უცნობია რა თანხა დაუჯდება ქალაქის  ბიბლიოთეკის გაკეთება.

"საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ უფრო დაზუსტდება ხარჯებიც", - განმარტავენ მერიაში.

ე.წ. ბავშვთა სივრცეში დასაქმებული ბუკინისტები იდეას იწონებენ. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ღია სივრცის მოწყობის დროს უნდა გაითვალისწინონ მდებარეობა და კლიმატიც, შესაბამისად, ამ საქმეში მათი ჩართულობაც აუცილებელია.

"გვითხრეს, რომ ჩვენი თანდასწრებით მოხდება განხილვა. ამის გარდა, მერიამ უნდა უზრუნველყოს რეკონსტრუქციის პროცესში წიგნების უსაფრთხო შენახვა", - ამბობენ ბუკინისტები.


მერიაში ამბობენ, რომ რესტავრაციის შემდეგ ბუკინისტებისთვის გამოიყოფა სპეციალური სავაჭრო დახლები. მოეწყობა წიგნების შესანახი საცავები, მკითხველებისთვის განთავსება სავარძლები.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ პროექტირება აპრილში უნდა დაასრულოს.



ე.წ. ბავშვთა სამყარო


ავტორი: ანა ჯიქია 

Print