ახალი ამბები
"პრიორიტეტული იქნება დესტრუქციული ძალების ჩარჩოებში დაბრუნება" - ღარიბაშვილის სამოქმედო გეგმა
FaceBook
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე  10 წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.

გამოსვლის ძირითადი ნაწილი მან  ოპოზიციაზე, როგორც დესტრუქციულ ძალაზე საუბარს დაუთმო და დაასახელა პირველი 100 დღის გეგმა, რომლის განმავლობაშიც მისი თქმით, ქვეყანაში წესრიგი დამყარდება და  დესტრუქციული ძალები კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდებიან.

"რაც შეეხება ჩემს ხედვას, თუ როგორ მესახება ამ სიტუაციაში ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა: პირველი 100 დღის განმავლობაში, პრიორიტეტული იქნება ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. ჩვენი პრიორიტეტი იქნება ვაქცინების შემოტანა და ახალი 10 წლიანი ამბიციური გეგმის შემუშავება. ჩვენ გვჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს. იდეა, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის ახალი,  მეოთხე ათწლეულის ჩამორჩენილობის დაძლევის, სიღარიბის დამარცხების და განვითარების ათწლეულად უნდა იქცეს", -  განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, არსებული უკმაყოფილების მიზეზადაც ოპოზიციას აცხადებს.

"ყველაზე საგულისხმო სიმპტომი, რაც ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს, არის ერთგვარი მზარდი ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ელიტებსა და მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შორის. ეს კარგს არაფერს გვიქადის. უთანასწორობა მიჩნეულია, რომ ამძაფრებს უსამართლობის განცდას მოსახლეობაში, ამიტომ  გასაკვირი არ არის, რომ  ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ძალების გარკვეულ წრეებში, ჯერაც პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები, რომლებიც იმაზე ფიქრში იძინებენ და იღვიძებენ, თუ როგორ  ისარგებლონ უკმაყოფილების ამ განწყობებით, რომელიც ობიექტური მიზეზებით, თუნდაც მათი მონაწილეობით შეიქმნა ამ ქვეყანაში".

ღარიბაშვილმა მთავარ გამოწვევად ის დაასახელა, რომ რიგ შემთხვევებში სახელმწიფომ სათანადო პასუხი არ გასცა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ძალადობას.

"ისინი (ოპოზიცია) მუდამ ქაოსისა და არეულობისკენ ისწრაფვიან, რადგან სრული უსუსურობისა და მარცხის ფონზე,  მხოლოდ ასე შეუძლიათ მიიპყრონ ყურადღება. ჩვენი გამოწვევაც არის ის, რომ სახელმწიფომ ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გასცა მათ მიერ ორგანიზებულ ძალადობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავის გამოსვლაში მან ასევე ისაუბრა ეკონომიკური გარღვევის აუცილებლობასა და ევროკავშირში 2024 წელს გაწევრიანების განაცხადზე.

ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად დღეს გავა. პრემიერობის კანდიდატმა გუნდის წევრები და სამთავრობო პროგრამა პლენარულ სხდომაზე უნდა წარადგინოს. კაბინეტის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის სულ მცირე 76 ხმაა საჭირო.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ"  მას შემდეგ დაასახელა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა.
Print