ახალი ამბები
დაპირისპირება ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე
FaceBook
კომპანია "ენკამ"  ჰესის სამშენებლო სამუშაოები,   ჟონეთის შემდეგ სოფელ ნამოხვანშიც დაიწყო.

ამჯერად ტექნიკა იმ მთაზე გამოჩნდა, სადაც აქტივისტების ჯვარი იყო განთავსებული და რომელიც 30 იანვარს წყალტუბოს მერიის თანამშრომლებმა პოლიციის დახმარებით მოხსნეს. ნამოხვანში კომპანიის გამოჩენას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. სამართალდამცავები აქტივისტებს ტექნიკასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

"ორკვირიანი ვადა ჰქონდა კომპანიას მიცემული, რომ წასულიყო ხეობიდან, მაგრამ ამის ნაცვლად ისევ აწარმოებენ სამუშაოებს. დანაღმულია ახლა აქ მთა და გეგმავენ, რომ მთლიანად ააფეთქონ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობის მოსახლეობა სამ თვეზე მეტია ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. აქტივისტები ღამეებს კარავში ათენებენ.

30 იანვარს აქტივისტებს სოფელ ჟონეთში კარავი დაურბიეს და ჯვარი მოუხსნეს, რის შემდეგაც რიონის ხეობის "მცველებმა" პროტესტი სოფელ ნამოხვანში გააგრძელეს.

7 თებერვალს ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე მასშტაბური აქცია გაიმართა. მათ მხარდაჭერა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან  ჩასულმა  ასეულობით ადამიანმა გამოუცხადა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები გიგანტური, 433 მეგავატიანი ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესის პროექტი საფრთხისშემცველია მიკროკლიმატისთვის, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.



ამავე თემაზე:


რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)

გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით  -  „ენკას“ განმარტება

Print