ახალი ამბები
"ქუთაისში ბაზის დაბრუნება შეზღუდვების მოხსნასთან არის დაკავშირებული" - ავიაკომპანია "ვიზეარი"
FaceBook
ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air-ის ფრენების განხორციელების თარიღი კვლავ უცნობია.
ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ,,ფორმულას“ ეთერში გადაცემაში ,,ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად“ ავიაკომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისში ბაზის დაბრუნება შეზღუდვების მოხსნასთანაა დაკავშირებული. ასევე იმაზე, თუ როდის მიეცემათ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირში მარტივად შესვლის შესაძლებლობა.

"ჩვენ კვლავაც არ ვიცით ზუსტი თარიღი თუ როდის აღვადგენთ ფრენას საქართველოდან. ეს მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, სადაც ვიზეარი დაფრინავს. იმაზე, თუ როდის მისცემენ ისინი მესამე ქვეყნებს ევროკავშირში მარტივად შესვლის უფლებას, თუმცა როგორც კი ჩვენ მოთხოვნას დავინახავთ, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა ქართველი მგზავრები ევროკავშირში გადავიყვანოთ და ამასთან ევროპელი მგზავრები საქართველოს მიმართულებით, ჩვენ განვაახლებთ ოპერირებას.  ვფიქრობთ, საქართველოს ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ქუთაისში ბაზის დაბრუნება შეზღუდვების მოხსნასთან არის დაკავშირებული“,- განაცხადა ანდრაშ რადომ.

ავიაკომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ფრენების ნებართვის მისაღებად ინდივიდუალური ნებართვის მიღებასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოხერხდა ვერცერთი მიმართულების მოძებნა, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა იქნებოდა შესაძლებელი.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ ინდივიდუალური ნებართვები მივიღოთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის საფრენად, მაგრამ ეს ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერცერთი მიმართულება მოვიძიეთ სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენას შევძლებთ, ამიტომ ვფიქრობთ მარტი საკმაოდ ადრეა ფრენების დასაწყებად“,- განაცხადა ანდრაშ რადომ.

ის იმედოვნებს, რომ ფრენების განახლებას Wizz Air-ი ქუთაისიდან ზაფხულიდან შეძლებს და ქალაქში ბაზის დაბრუნებაც 2021 წელს მოხდება.

ძველი განრიგით, Wizzair-ს ფრენები მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან  რიგის, ვენის, დორტმუნდის, ვარშავის, კრაკოვის, ბუდაპეშტის და ვილნიუსის მიმართულებით უნდა აღედგინა. აპრილიდან კი აბუ დაბის, ლარნაკის და ათენის მიმართულებით.
Print