ახალი ამბები
შერჩევითი მიდგომა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში - უცხოელებისთვის შესვლა ფასიანია
FaceBook
"ბაღი საბიუჯეტო დაფინანსებაზეა და ყველას უნდა შეეძლოს დაათვალიეროს, განურჩევლად მოქალაქეობრივი კუთვნილებისა".


ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში უცხოელებისთვის შესვლა ფასიანია. ფასები ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან განთავსებულ აბრაზეა მითითებული.

აბრაზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ბოტანიკურ ბაღში ვიზიტი ფასიანია ფოტო და ვიდეო გადამღები, ასევე საექსკურსიო და საქორწილო ჯგუფებისთვის. მათთან ერთად გადასახადი ეკისრებათ უცხოელებსაც.

"პოლონელები მყავს სტუმრად. ქალაქი დავათვალიერებინე და ბოტანიკურ ბაღშიც მივედით. დაცვამ გვითხრა, რომ უცხოელებს თანხა უნდა გადაეხადათ. ბაღი საბიუჯეტო დაფინანსებაზეა, ის საჯარო საკუთრებაა და ყველას უნდა შეეძლოს დაათვალიეროს, განურჩევლად მოქალაქეობრივი კუთვნილებისა. ასეთი მიდგომით უკმაყოფილო დავრჩით და არ შევედით", - აღნიშნავს ქუთაისში მცხოვრები გივი ავალიანი.

უცხოელებისთვის ფასის დაწესებას ბოტანიკური ბაღის დირექტორი ამირან ხვადაგიანი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკრი პირობებით ხსნის.

"ბოტანიკურ ბაღში ვიზიტი არც ერთ ქვეყანაში არაა უფასო. ჩვენ კი ვითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას და ჯერჯერობით ბოტანიკურ ბაღში ვიზიტს მათთვის არ ვხდით ფასიანს", - განმარტავს ამირან ხვადაგიანი.

ბოტანიკური ბაღი გახდება თუ არა ფასიანი ადგილობრივებისთვის ამირან ხვადაგიანი ზუსტ პასუხს ვერ იძლევა.

"ვნახოთ როგორ იქნება. მთავარია ბაღი გაცოცხლდა და ჩაჯდა ქალაქის ცხოვრებაში ", - აღნიშნავს ამირან ხვადაგიანი.

Print