ახალი ამბები
შსს-მ პრემიერის გადადგომის გამო მელიას დაკავება გადადო
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გიორგი გახარიას მიერ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს  განჩინების აღსრულება გადადო.

ამის შესახებ უწყებამ  ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

"პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო"
, - ნათქვამია შსს-ს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ  განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"ჩემი აბოსლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი. ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის. სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე საერთო პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან", - განაცხადა გახარიამ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მელიას თანაგუნდელები სხვა მხარდამჭერებთან ერთად პარტიის ოფისში არიან და აცხადებენ, რომ სამართალდამცავებს მისი დაკავების შესაძლებლობას არ მისცემენ.
Print