ახალი ამბები
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების -  გირაოს, პატიმრობით შეცვლასთან, მან მიიღო გადაწყვეტილება გადადგეს დაკავებული პოსტიდან. გახარიას თქმით, მან ამ საკითხზე მის გუნდთან საერთო პოზიციის შეთანხმება ვერ მოახერხა.

"ჩემი აბოსლუტურად ურყევი  პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების  ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი. ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის. სამწუხაროდ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე საერთო პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან", - განაცხადა გახარიამ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მელიას თანაგუნდელები სხვა მხარდამჭერებთან ერთად პარტიის ოფისში არიან და აცხადებენ, რომ სამართალდამცავებს მისი დაკავების შესაძლებლობას არ მისცემენ.
Print