ახალი ამბები
"პეტიციის ავტორებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა" - "ენკას" პასუხი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს
FaceBook
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია, პარლამენტში ჰესის მოწინააღმდეგეების მიერ პეტიციის წარდგენას ეხმაურება.

"ENKA" დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს მიმართავს და აცხადებს, რომ პეტიციის ავტორებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა. მათი ყველა ქმედება კი მიმართულია ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებისთვის ხელის შეშლისკენ.

"მიგვაჩნია, რომ პეტიციის ავტორებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა, რადგანაც ისინი ამტკიცებენ, თითქოს "ნამახვანის კასკადი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონის მდგრად განვითარებას", ყოველგვარი დასაბუთებისა და მყარი არგუმენტების გარეშე. ჩვენ პატივს ვცემთ აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მიზანმიმართულ კამპანიასთან, რომლის ერთადერთი ამოცანაა - 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებისთვის ხელის შეშლა და ნანახვანის ჰესების კასკადის პროექტის სრული გაჩერება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აქტივისტებმა, რომლებიც 114 დღეა რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას უწყვეტი პროტესტით ეწინააღმდეგებიან, პარლამენტში 10 000 ხელმოწერით პეტიცია შეიტანეს. დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე, რომელსაც აქციის მონაწილეებიც ესწრებოდნენ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პეტიციას შესაბამის სამინისტროებს გადაუგზავნიან.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში სამ თვეზე მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ადგილობრივები ღამეს კარავში ათენებენ.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს.

ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

Print