ახალი ამბები
ქარხანა, სადაც ელექტრომობილები 2020 წლიდან უნდა ეწარმოებინათ, არ აშენებულა
FaceBook

ქუთაისში, სადაც ელექტრომობილების გამოშვება 2020 წლიდან უნდა დაწყებულიყო, ჯერ ქარხანაც არ აშენებულა. მშენებლობის პროცესი 2022 წლამდე გადავადდა.


ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" ქარხნის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანია "აი გრუპის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი ფურელიანმა განუცხადა.

საწარმოს მშენებლობის გადავადების მიზეზად პანდემია სახელდება, რის გამოც, როგორც ფურელიანი ამბობს, ჩინეთიდან მშენებლობის კონსულტანტების ჩამოსვლა შეფერხდა.

"ეკონომიკის სამინისტრომ დაგვიდასტურა ვადების გადავადება. იმედია, პანდემია მალე ჩაივლის და გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ თითქმის მზად ვართ გადავიდეთ სამშენებლო ნაწილზე. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი პარტნიორები არიან ჩინელები. იმათმა უნდა გაუწიონ ზედამხედველობა პროექტირებას, მშენებლობას. ტრენინგები ჩინელებმა უნდა ჩაატარონ, რაშიც ხელს პანდემია გვიშლის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ვადებში დაიწყება წარმოება", - ამბობს გიორგი ფურელიანი.

ქუთაისში, ელქტრომობილების საწარმო ავტოქარხანაში, ყოფილი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. მშენებლობის დაანონსებიდან ორი წლის თავზე მხოლოდ არქიტექტურული პროექტირება აქვთ დასრულებული.

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია "აი გრუპს", 1000 ჰა მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 2019 წელს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, "ბიგ სერვისმა" იგივე "აი გრიპუმა", ქონება მიმდინარე წლის 27 მაისს გადაიფორმა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ მიწის ნაკვეთთან ერთად მას უსასყიდლოდ გადაეცა 20-ზე მეტი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, ნანგრევები. კომპანიისთვის გადაცემულ ქონებაში შედის აეროპორტის ასაფრენი ზოლიც.

ქუთაისიპოსტმა "ბიგ სერვისისთვის" ყოფილი აეროპორტის ტერიტორიის გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაც მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ მხოლოდ საპრივატიზაციო თანხა უნდა გადაიხადოს, რაც ჯამში 99 000 ლარს შეადგენს.

საპრივატიზაციო პირობების თანახმად, მფლობელს ადგილზე ორი წლის ვადაში უნდა აეშენებინა საწარმო, რომელიც გათვლილი იქნებოდა სულ მცირე 5000 ერთეული ავტომობილის წარმოებაზე და დაესაქმებინა 300 ადამიანი.
ამავე თემაზე:

კომპანიას, რომელიც ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანას აშენებს, მიწა ერთ ლარად გადაეცა

რა ხდება ტერიტორიაზე, სადაც ელექტრომობილების ქარხანა უნდა აშენდეს (ვიდეო)

ეკონომიკის მინისტრი ქუთაისს მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსის დაბრუნებას ულოცავს

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო


ავტორი: ანა ჯიქია
Print