ახალი ამბები
ქუთაისის მერი ამბობს, რომ აქცის დროს, სადაც ექვსი ადამიანი დააკავეს, ქალაქში არ იმყოფებოდა
FaceBook
ქუთაისის მერი 12 თებერვალს მერიის წინ გამართულ აქციას სამი დღის შემდეგ ეხმაურება და ამბობს, რომ იმ დროს  ქალაქში არ იმყოფებოდა.

იოსებ ხახალეიშვილის თქმით,  მაშინ, როცა აქტივისტები მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, იგი ერთდღიან მივლინებაში თბილისში იყო. მერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შესაბამისი დოკუმენტიც წარმოადგინა.

"პარასკევს (12 თებერვალს) არ ვიყავი ქუთაისში, თბილისში გახლდით მივლინებით. რომ ამბობდნენ  კაბინეტშია და შუქები ანთია,  გამოვიდესო,  არავისთვის თავი არ ამირიდებია. მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ ქუთაისელ ხალხს დავემალო", - განაცხადა ხახალეიშვილმა.

ქალაქის მერმა განცხადება აქციის შემდეგაც, იმავე საღამოს გააკეთა. მან აქტივისტებს ხელმოცარული და კრიმინალური ოპოზიცია უწოდა, თუმცა, განცხადებაში არაფერი უთქვამს მისი მივლინებაში ყოფნის შესახებ. მერიის პრესსამსახურის მიერ 12 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერია:

"ეს არის ხელმოცარული და კრიმინალური ოპოზიციის მორიგი მცდელობა, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. ეს მათი ხელწერაა. ისინი კვლავ ცდილობენ საჯარო დაწესებულებებში ძალადობრივი გზით შეჭრას და ამ შენობების ბლოკირებას. ამას აკეთებდნენ საარჩევნო კამპანიის დროს და ასე აგრძელებენ ახლაც. ჩვენ, კანონის მიერ მონიჭებული უფლებების გამოყენებით, შევეცდებით არ მივცეთ მათ არეულობის მოწყობის საშუალება და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე. დესტრუქციულ ოპოზიციას ქუთაისში მხარდაჭერა არ ექნება".

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მერმა ბოლო დღეებში ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზეც ისაუბრა და მათ დეზინფორმაცია უწოდა. მისი თქმით, ბრალდება სარესტორნო ხარჯების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და მერიამ სინამდვილეში თანხა ქორქიას საკანდელიძის თასის ფინალურ თამაშზე "ვერას" კალათბურთელთა გუნდის მასპინძლობასა და კოვიდთან მებრძოლი ექიმებისთვის ბროლის თასებით დაჯილდოვებაზე დაიხარჯა. მან ასევე ტყუილი უწოდა ოპოზიციის ბრალდებებს ასფალტის ანაფრეზის გაყიდვასა და აუდიტის დასკვნის დამალვაზე.

12 თებერვალს ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები პანდემიის დროს სარესტორნო ხარჯებისთვის ბიუჯეტის ფულს ხარჯავდნენ. აქტივისტები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისთვისაც მას 10 წუთი მისცეს. დროის ამოწურვის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც სამართალდამცავებსა და აქტვისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის დროს ექვსი ადამიანი დააკავეს. დაკავებულები მეორე დღეს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სამს ფულადი ჯარიმა დააკისრეს, სამის სასამართლო პროცესი კი 23 თებერვალს ჩატარდება.
Print