ახალი ამბები
"უფალმა ჯვარი მოთმინებით იტვირთა, არა პროტესტით" - მეუფე იოანე რიონის ხეობაში მოხსნილ ჯვარზე
FaceBook
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე ჯვრის აღმართვასა და პოლიციის გამოყენებით მის მოხსნას ორი კვირის შემდეგ ეხმიანება.

გიგანტური ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების ჯვრის ადგილზე დაბრუნების მოთხოვნის პარალალურად, მეუფე  იოანე ამ განცხადებას აკეთებს:

"ვინც აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას, მათ ეკლესიასთან მიმართებით არასწორი გზა აირჩეს. ორი მღვდელმთავრის კურთხევის გარეშე რამდენიმე თვის წინ დაიწყეს თვითნებური მოქმედება; სიტყვა არ ისმინეს და ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, უფლის ჯვარი, დაპირისპირების საბაბად აქციეს, სამართლებრივი გზით სვლას ქუჩის აქციები ამჯობინეს. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დიალოგი ვერ შედგა. მათი თხოვნით გელათის აკადემიის საკონფერენციო დარბაზში მოვიწვიეთ ეპარქიის სამღვდელოება.

ზოგიერთისთვის ჯვარი მხოლოდ ორნამენტული ფორმაა და მას მხოლოდ გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს; ასტროლოგებს ჯვარი დედამიწის სიმბოლოდ აქვთ არჩეული, რომის იმპერიაში ჯვარი მონებისა და არარომაელების დასჯის იარაღი იყო. უფალმა ჯვარი მოთმინებით და მორჩილებით იტვირთა, არა პროტესტით.
", -
ამბობს მეუფე თავის განცხადებაში. 

ეპარქიის ხელმძღვანელი "თვითნებობად" აფასებს მოსახლეობის პროტესტს. მშენებლობის მოწინააღმდეგებს, ადამიანებს, რომლებიც 116-ე დღეა ღია ცის ქვეშ   გამოხატავენ პროტესტს "სექსტანტებს" ადარებს.


,,სარწმუნოებრივ საკითხებში თვითნებობა იწვევს სექტანტობას. თვითნებობა არის ძალადობა ეკლესიის სამართალზე, მისი იგნორირებაა და დაპირისპირება უფალთან. ხელისუფლების მიერ მოხსნილი ჯვარი მღვდელმთავრის კურთხევით დაიდგმება ეპარქიის კუთვნილ ტერიტორიაზე. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც საკუთარი თავი ეკლესიის შვილებად მიაჩნიათ, მიკერძოებული პოზიციის გამო ეკლესიას უპირისპირდებიან, რაც საზიანოა მათი სულებისთვის",- წერია განცხადებაში.

"ჯვრის მტვირთველი არის ის, ვინც უფლის გულისთვის ითმენს უსამართლობას, ცილისწამებას, არ თვითნებობს და მშვიდობისმყოფელია. გარემოს დაცვა საკუთარი თავის ცოდვისგან დაცვით და გარემოზე ზრუნვით იწყება",- ნათქვამია მეუფის განცხადებაში. 

სოფელ ნამოხვანში, სადაც აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას სამი თვეა აპროტესტებენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილობრივებს პოლიციამ ჯერ კარავის დაშლა მოსთხოვა, შემდეგ კი ჯვრისკენ მისასვლელი გზა ჩაუკეტა. საბოლოოდ, სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით კარავიც დაშალეს და ჯვარიც მოხსნეს. კომპანია "ენკამ" კი სამთვიანი პაუზის შემდეგ, პოლიციის დახმარებით, ტერიტორიაზე ტექნიკა შეიყვანა და ჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა.

მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამდრომდე უშედეგოდ ითხოვდნენ საქმეში მეუფის ჩართვას. თუმცა, მიტროპოლიტი ადგილზე არ ჩასულა და განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

7 თებერვალს ჰესის მოწინააღმდეგეებმა მასშტაბური აქცია გამართეს.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების დღიდან აპროტესტებენ.

მათი თქმით, კომპანია სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ადგილობრივების თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი შეცვლის რიონის ხეობის კლიმატს და გააქრობს ყურძნის უნიკალურ ჯიშებს, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყალი დაფარავს მიმდებარე სოფლებს, დაახლოებით 10 წუთში კი ტალღა ქუთაისამდეც მიაღწევს.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.

"თემთა ერთობის" წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშენებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს საფრთხეს.

აქციის მონაწილეებს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' თანადგომა გამოუცხადა და მოუწოდა ეპარქიის ტერიტორიაზე ჯვარი აღმართონ.

Print