ახალი ამბები
გაფიცულ მეშახტეებსა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა
FaceBook
ტყიბულში  გაფიცულმა მეშახტეებმა და ,,საქნახშირის" ადმინისტრაციამ შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ განცხადებას კომპანია  ავრცელებს.

"გადაწყდა, რომ მეშახტეები გეგმის 100%-ით შესრულების შესაბამის ხელფასს მიიღებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში კი, გეგმის გარდა დამატებით 1340.31 ტონა ქვა-ნახშირს მოიპოვებენ. მას შემდეგ, რაც გადაჭარბების მაჩვენებელი აღნიშნულ 1340.31 ტონას აცდება, შრომის ანაზღაურების გამოანგარიშება ჩვეულებრივ, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის მიხედვით გაგრძელდება. 

ამ მომენტისთვის, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც N4 უბნის თანამშრომლების მიერ გეგმის შეუსრულებლობის გამომწვევ მიზეზებს დეტალურად შეისწავლის - 10 დღის განმავლობაში მოხდება ყველა დოკუმენტის შესწავლა, გამოკვლეული იქნება გეგმის შესრულების შემაფერხებელი ფაქტორები, ავარიული, გეოლოგიური მდგომარეობა (მეშახტეების მიერ დასახელებული მიზეზები) და გაკეთდება დასკვნა, რომელიც გასაჯაროვდება. "საქნახშირისთვის" მნიშვნელოვანია N4 უბნის თანამშრომლების ჩართულობა კომისიის მუშაობის პროცესში. შრომის დისციპლინის ნებისმიერი დარღვევა შეფასებული იქნება შრომის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. 

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაც და დასაქმებულებიც ორიენტირებულები იყვნენ პასუხისმგებლობების შესრულებაზე, მუშაობაზე და თანამშრომლობაზე. ეს კი, რა თმა უნდა, საწარმოს შეუფერხებელ ფუნქციობას და მეშახტეების მიერ მეტი ანაზღაურების გამომუშავებას გამოიწვევს", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ტყიბულში 33 საათიანი პროტესტის შემდეგ მეშახტეები შახტიდან 11 თებერვალს ამოვიდნენ. პროტესტის ამ ფორმას მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც გასულ თვეში ხელფასი დააკლდათ. მეშახტეები აცხადებდნენ, რომ პროტესტს კუთვნილი ანაზღაურების მიღებამდე არ შეწყვეტდნენ. 

2019 წლის ნოემბრიდან ტყიბულის შახტებში ახალი კომპანია "Coal of Georgia" ოპერირებს. ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოები, ყოფილმა ინვესტორმა "ჯი აი ჯი" ჯგუფმა, მას შემდეგ დატოვა, რაც 1000-მდე მეშახტის წინაშე მილიონიანი ვალი დაუგროვდა.

შახტებიდან კომპანიის გასვლას წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები უძღოდა. საბოლოოდ, მეშახტეების ხელფასი ახალმა კომპანიამ გაისტუმრა და შახტები გადაიბარა.


ამავე თემაზე

კომპანია გაფიცულ მეშახტეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მეშახტეები შახტებიდან არ ამოდიან - პროტესტი ტყიბულში

ტყიბულის შახტში პროტესტის ნიშნად ჩასული მეშახტე ცუდად გახდა

შახტში პროტესტის ნიშნად ჩასულ მუშებს საკვები ჩაუტანეს

მეშახტეები შახტებიდან ამოვიდნენ - ტყიბულში პროტესტი შეწყდა
Print