ახალი ამბები
ქუთაისში აქციაზე დაკავებული ექვსივე აქტივისტი გაათავისუფლეს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 12 თებერვლის აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი თავისუფალია.
გათავისუფლებულებიდან სამს ფულადი ჯარიმა 1200, 1500 და 2000 ლარის ოდენობით დაეკისრა, სამის პროცესი კი 23 თებერვალს ჩაინიშნა.  სასამართლო განხილვა დისტანციურად ჩატადა.

გათავისუფლებულები  აცხადებენ, რომ პოლიციას არ აქვს არანაირი მტკიცებულება, რის საფუძველზეც ისინი დააკავეს, შემდეგ კი დააჯარიმეს. აქტივისტები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მხარდამჭერები იმერეთის სამხარეო პოლიციასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.


12 თებერვლის აქციაზე პოლიციამ სულ 6 აქტივისტი დააკავა. ესენი არიან გიორგი მუმლაძე, ნიკა ნარსია, ბექა პაპაშვილი, მიხეილ ღვინეფაძე, გიორგი თათალაშვილი და მანუჩარ ფიფია.

ქუთაისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მერიაში შესვლა სცადეს. სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო.

სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სარესტორნო მომსახურებაში თანხის ხარჯვაში ადანაშაულებდნენ. ისინი ქუთაისის მერთან იოსებ ხახალეიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.
Print