ახალი ამბები
ხარაგაულში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა
FaceBook
სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. 

ახალი ადმინისტრაციული შენობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა დავით ტორუამ გახსნეს.

ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ ადმინისტრაციულ 145კმ.მ ფართობის შენობაში პერსონალისთვის მოსასვენებელი და სამუშაო ოთახებია გამოყოფილი. აქვეა გათვალისწინებული მედიკამენტების შესანახი სივრცე.

ახალგარემონტებულ შენობაში გადასვლამდე, წლების განმავლობაში, ცენტრის თანამშრომლები კეთილმოუწყობელ ნაგებობაში იყვნენ განთავსებულნი, სადაც სათანადო პირობები არ იყო შექმნილი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობების გადაცემის პროცესი გრძელდება. ამ დრომდე ახალ მისამართზე უკვე გადავიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გურჯაანის, ყვარლის, თიანეთის, დმანისის, ჩაქვის, ქუთაისის, ტყიბულისა და ზესტაფონის რაიონული ცენტრები.

დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხარაგაულში ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი მოინახულეს.

მრავალპროფილიანი, 15 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება მუნიციპალიტეტში 2016 წლის ზაფხულში ამოქმედდება.

ხარაგაულში საავადმყოფო ამ დრომდე ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული, სადაც სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 600 000 ლარით დაფინანსდა.
Print