ახალი ამბები
„ეს უნდა გახდეს მსჯელობის საგანი“ - საკრებულოს თავმჯდომარე მგზავრობის ღირებულების შესაძლო გაზრდაზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულო,  უახლოეს სხდომაზე, სავარაუდოდ, ავტობუსით მგზავრობის ტარიფის გაზრდაზე იმსჯელებს.

მართალია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ამბობს, რომ ეს საკითხი შესაბამის კომისიებში არ განხილულა, თუმცა, ფასის მატება უკვე დაანონსა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა. შენგელია გადაჭრითარ არ ამბობს უნდა გაიზარდოს თუ არა მგზავრობის საფასური და აცხადებს, რომ საკითხი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

"საკრებულოს  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ უმსჯელია, მათ შორის,  არ მომხდარა განხილვა  შესაბამის კომისიებში. ეს თემა უნდა გახდეს მსჯელობის საგანი", -  განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

რიგგარეშე სხდომამდე, რომელიც 15 თებერვალსაა ჩანიშნული, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ახალ ავტობუსებს მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას"  უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობაში გადასცემს.

ქალაქში ახალმა მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა 8 თებერვალს დაიწყო. ქუთაისს, "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, 60 ავტობუსი გადაეცა. სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებულია შშმ პირებზე. ავტობუსებში  ჯერჯერობით არ არის დამონტაჟებული უკონტაქტო გადახდის სისტემა, რაც საბოლოოდ ყველა მუნიციპალურ ავტობუსში უნდა დაინერგოს. მერიას ამ დრომდე არ აქვს არც ახალი სვლაგეზების გეგმა, რომლის შემუშავების საჭიროებაზეც ადგილობრივი თვითმმართველობა ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა. ადგილობრივ ხელისუფლებას ამ დრომდე არც გაჩერებებზე მოუწყვია დაპირებული ელექტრონული ტაბლოები.

ახალი ავტობუსების შესაძენად მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 039 5177 ევროს გრანტი და 5 775 099  ლარის სესხი აიღო. ვალად აღებული თანხა თვითმმართველობამ 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიაში ამ დრომდე არ აქვთ პასუხი როგორ იმუშავებს ტრანსპორტი 8 თებერვლიდან

Print