ახალი ამბები
ქუთაისში ონლაინ სწავლის გაგრძელების სურვილი 1250-მა მშობელმა დააფიქსირა
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლების 1250-მა  მშობელმა შვილებისთვის განათლების მიღება ონლაინ არჩია.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი განმარტავს.

"გამოქვეყნდა სარეგისტრაციო ბმული online.emis.ge, სადაც ყოველ ოთხშაბათს მშობლებს შესაძლებლობა აქვთ დააფიქსირონ რა ფორმატით სურთ ისწავლონ
თავიანთმა შვილებმა. 10 თებერვლის მონაცემებით ონლაინ სწავლის გაგრძელების მსურველი აღმოჩნდა 1250 მოსწავლის მშობელი. შესაბამისად, მათ ონლაინ ჩაუტარდებათ გაკვეთილები, თუმცა მომავალი კვირის ოთხშაბათს ისევ გაიხსნება ბაზა, შესაძლებელია ეს მონაცემები ისევ შეიცვალოს",
- განმარტავს მაია ცქიტიშვილი.

ქუთაისის საჯარო სკოლებში 28035 მოსწავლე სწავლობს, შესაბამისად, საკლასო ოთახებში სწავლას 26 785 მოსწავლე გააგრძელებს.

სოფო გუბელაძე ერთ-ერთია იმ მშობელთაგან, ვისაც ურჩევნია სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში განახლდეს.

ფიქრობს, რომ ბავშვის განვითარებისთვის ასე უმჯობესია. პანდემიას კი რეგულაციების დაცვით გაუმკლავდებიან.

,,ჩემი შვილი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, მეშვიდმეტე სკოლაში სწავლობს. მეექვსე კლასშია და აუცილებელია მისთვის სასკოლო გარემო. მირჩევნია, რომ სკოლაში წავიდეს ჩემი შვილი. ონლაინ სწავლება არანაირად არ გვაწყობს".

პანდემიის მიუხედავად საკლასო ოთახში მოსწავლეების დაბრუნება ურჩევნია ინგა ტოგონიძესაც. მისი შვილიშვილი მეორე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა. ამბობს, რომ ონლაინ სწავლა განსაკუთრებით რთული პირველკლასელებისთვისაა, რადგან მათ ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ მასწავლებელთან და სხვა ბავშვებთან უშუალო კომუნიკაცია.

"უნდა ვისწავლოთ და აუცილებლად სკოლაში. ონლაინ სწავლების მომხრე არ ვარ მითუმეტეს პირველკლასელისთვის. სულ, ალბათ, შვიდჯერ არის ამ დრომდე ნამყოფი სკოლაში ჩემი შვილიშვილი. სკოლა და მის საყვარელ მასწავლებელთან ურთიერთობა სასიკეთოდ წაადგება ბავშვებს",- ამბობს ინგა ტოგონიძე.

ქუთაისის სკოლებში საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლება პირველ მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესების გამო თარიღი შეიცვალა და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება, სურვილის შემთხვევაში, 15 თებერვლიდან შეეძლებათ.

ყველა სკოლაში მეხუთე კლასს ზემოთ მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. პირბადე სკოლაში არ დარიგდება და განათლების მინისტრის თქმით, ის მოსწავლეებს მშობლებმა უნდა გაატანონ.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა.


ავტორი: ანა ჯიქია
Print