ახალი ამბები
"არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს“ -  პროტესტის მეცამეტე დღე ქუთაისში
FaceBook

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში 13 დღეა საპროტესტო კარავია გაშლილი.


კარავში ღამეს რამდენიმე აქტივისტი ათევს. დღის განმავლობაში მათ სხვებიც უერთდებიან. სამოქალაქო აქტივისტები ვადამდელ არჩევნებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის შეცვლას მოითხოვენ. მათ თქმით, პროტესტის ამ ფორმას სხვა აქტივობებიც დაემატება და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

"კარავი დასაწყისია. შემდეგ იქნება სხვა აქტივობებიც. ყოველდღიურად დავიწყებთ პერფორმანსებს და სხვადასხვა ღონისძიებას. გეგმებზე წინასწარ საუბარი არ გვინდა. ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ, ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები", - ამბობენ აქტივისტები.

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო კარავი 27 იანვარს გაშალეს. რამდენიმე დღის წინ ადგილზე ინცინდენტიც მოხდა. აქტივისტების თქმით, უცნობი პირი კარავზე  ავტომანქანის შეჯახებას ცდილობდა.  პროტესტის მონაწილეები მომხდარს ხელისუფლების მიერ დაგეგმილს უწოდებენ, რაც მათ დაშინებას ემსახურებოდა.


პარლამენტის არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის  მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

"ევროპული საქართველო" – 3,79 %, მანდატების რაოდენობა ხუთი.

"ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" – 27,18%, მანდატები 36.

"პატრიოტთა ალიანსი" – 3,14%, მანდატები ოთხი.

"ლეიბორისტული პარტია" – 1%, მანდატი ერთი.

"მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი" – 1,33 %, მანდატები ორი.

"გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" – 3,15%, მანდატები ოთხი.

"გირჩი" – 2,89%, მანდატები ოთხი.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" – 48,22%, მანდატების რაოდენობა 60.

"ლელო" – 3,15%, მანდატების რაოდენობა ოთხი.

21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, თუმცა, ოპოზიციამ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღო.
Print