ახალი ამბები
რიონის ხეობაში კარავი ისევ გაშალეს (ფოტო)
FaceBook
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, კარავი, რომელიც პოლიციამ დაურბიათ, ისევ ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე, თუმცა, ამჯერად ჟონეთის ნაცვლად სოფელ ნამოხვანში გაშალეს.

რიონის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც სამ თვეზე მეტია ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, აქციებს მართავენ, დღევანდელ ღამესაც კარავში გაათენებენ. 7 თებერვალს ადგილობრივებმა სოფელ ნამოხვანში მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. რიონის ხეობის მცხოვრებლებს მხარდაჭერა ასობით ადამიანმა გამოუცხადა.

აქციას შეუერთდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა, მათ აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით არ მიუმართავთ, რადგან ორგანიზატორები პროტესტის პოლიტიზირების წინააღმდეგი არიან. პროტესტს შეუერთდა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

რიონის ხეობის მცხოვრებლები 106-ე დღეა ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აქციებს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ჰესის მშენებელი კომპანია "ენკა" ხეობას არ დატოვებს.

დღეს გამართულ მასშტაბურ აქციაზე ათობის სამართალდამცავი იყო მობილიზებული. ისინი აქციაზე მიმავალ მანქანებს აჩერებდნენ და გადაადგილების მიმართულებას ეკითხებოდნენ. საპოლიციო კონტროლი აქციის ადგილიდან, სოფელ ნამოხვანიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობდა.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, აქციაზე ავტომობილებიდან ცეცხლსასროლი იარაღისა და ბლაგვი საგნების ამოღების შესახებ.

"აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. "დუბინკა", - ნათქვამია განცხადებაში.

რიონის ხეობაში, გასულ კვირას ჰესის მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ აქტივისტებს კარავი დაურბია და ჯვარი წაართვა.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

Print