ახალი ამბები
ფრენების გააქტიურებამდე ქუთაისის აეროპორტში ორივე ტერმინალის გაერთიანება დასრულდება - ნათია თურნავა
FaceBook
ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები სრულდება.

აეროპორტში ამ დროისთვის შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში სამუშაოების ორ თვეში დასრულდება. განახლებული ტერმნინალი 1 საათში 1200 მგზავრის გატარებას შეძლებს.

„2021 წლის აპრილამდე, ანუ საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებამდე, ასევე ქუთაისიდან ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ ფრენების გააქტიურებამდე, ქუთაისის აეროპორტში ორივე ტერმინალის გაერთიანება დასრულდება. პრაქტიკულად, 2 თვეში ჩაგვბარდება გაფართოებული საერთაშორისო აეროპორტი, სადაც გაზრდილია როგორც სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა - გვექნება 18 დახლი 10-ის ნაცვლად, ასევე თითქმის გაორმაგებულია სასაზღვრო გამშვები პუნქტების რაოდენობა.

დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის ეკონომიკის ამოქოქვისა და ტურიზმის გაჯანსაღების და ძველ ნიშნულების ფონზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეასრულებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ჩვენს ქვეყანაში“,
- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ქუთაისის აეროპორტში უკვე დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს;  დამონტაჟებულია სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები; მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით. 


განახლებული ინტერიერი


ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის ყოველწლიურად მატების გამო, სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა დაიწყეს, რომელიც 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის ბიუჯეტი 60 მილიონ ლარს შეადგენდა. გასული წლის აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა დროებით შეჩერდა.

პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთლიანი ფართი დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.
Print