ახალი ამბები
ქუთაისის მერი მგზავრობის ღირებულების გაზრდას უარყოფს
FaceBook
ქუთაისში, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედების პარალელურად, სატრანსპორტო კომპანიის უფროსმა მგზავრობის ტარიფის გაზრდა დააანონსა.

გიორგი გიორგობიანმა 5 თებერვალს თქვა, რომ მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება 50 თეთრი გახდებოდა და ეს საკითხი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავიდოდა განსახილველად.

"რაც შეეხება ტარიფს, სავარაუდოდ, გაიზრდება 50 თეთრამდე, მაგრამ ეს არის საკრებულოს პრეროგატივა და  მათ  უნდა იმსჯელონ ამაზე", - აცხადებდა გიორგობიანი.

მოგვიანებით, ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და თქვა, რომ მოქმედი ტარიფი  -  40 თეთრი, შენარჩუნდება, თუმცა, დაექვემდებარება თუ არა საკითხი კვლავ განხილვას, არ განუმარტავს.

"ავტობუსით მგზავრობის ღირებულება  შენარჩუნდება და 40 თეთრი იქნება", - განაცხადა ხახალეიშვილმა.

ქუთაისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 8 თებერვლიდან განაახლებს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ქალაქში პირველად იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, თუმცა, საუბარია მხოლოდ ავტობუსებზე, რომლებიც ყველაზე დატვირთულ სვლაგეზებზე დაინიშნება. ქალაქს სულ 60 ახალი ავტობუსი ეყოლება. 

იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა დიდი ხანია ემზადება მუნიციპალური ტრანსპორტის მისაღებად, ქალაქის ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების მოწყობა და ახალი ფასთა სისტემის შექმნა, სადაც გათვალისწინებული იქნება შეღავათები გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის. ავტობუსებში არ არსებობს ელექტრონული გადახდის სისტემა. მერიას არც ახალი სვლაგეზების გეგმა აქვს, რის გამოც ავტობუსები კვლავ ძველი სვლაგეზების მიხედვით იმოძრავებენ.

8 თებერვლიდან განსხვავებული წესები იმოქმედებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მგზავრები ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სატრანსპორტო საშუალებაში აკრძალული იქნება ფეხზე დგომა. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ტრანსპორტი დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმოძრავებს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიაში ამ დრომდე არ აქვთ პასუხი როგორ იმუშავებს ტრანსპორტი 8 თებერვლიდან

ახალი ავტობუსები ძველი სვლაგეზებით - მერიას მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გეგმა არ აქვს

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს

ქუთაისში მგზავრობა ძვირდება
Print