ახალი ამბები
ქუთაისში მგზავრობა ძვირდება
FaceBook
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით ძვირდება.

საუბარია ახალ მუნიციპალურ ავტობუსებზე, რომლებიც ქალაქში 8 თებერვლიდან გამოჩნდებიან. შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელის, გიორგი გიორგობიანის თქმით, საკითხი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა განსახილველად.

"რაც შეეხება ტარიფს, სავარაუდოდ, გაიზრდება 50 თეთრამდე, მაგრამ ეს არის საკრებულოს პრეროგატივა და მათ უნდა იმსჯელონ ამაზე", - განაცხადა გიორგობიანმა.

8 თებერვლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება, თუმცა, სვლაგეზების ახალი გეგმა, რომელზეც მერია საუბრობდა, ამ დრომდე არ არსებობს. გეგმის არარსებობის გამო, ავტობუსები ჯერჯერობით, ისევ ძველი სვლაგეზებით იმოძრავებენ, იდეებს კი სატრანსპორტო კომპანიაში მოქალაქეებისგან ელოდებიან.

შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელი, გიორგი გიორგობიანი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები და ამ საკითხზე მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

"ორშაბათიდან ქალაქს ვემსახურებით 36 ახალი ავტობუსით. პრაქტიკიდან გამომდინარე, ვტოვებთ არსებულ ძველ ხაზებს. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში იყო შეხვედრები და ველოდებით ხალხის მოთხოვნას თუ რა ცვლილებები უნდათ გაჩერებებთან და სვლაგეზებთან დაკავშირებით. როგორც კი შემოვა საინტერესო იდეები, აუცილებლად გავითვალისწინებთ", - აცხადებს გიორგი გიორგობიანი.

8 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და აკრძალული იქნება ფეხზე დგომა. სატრანსპორტო საშუალებაში რეგულაციების დაცვას მონიტორინგის სამსახური უზრუნველყოფს.

კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ტრანსპორტი დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისს 36 ავტობუსი გადასცა. აქედან, 30 ავტობუსი გათვლილია 50 მგზავრზე, ხოლო 6 სატრანსპორტო საშუალება იტევს 83 მგზავრს. ყველა სატრანსპორტო საშუალება ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროგრამის ფარგლებში ქუთაისმა სულ 60 ავტობუსი უნდა მიიღოს. დარჩენილი 24 ავტობუსი ქალაქში დღის ბოლომდე ჩამოვა.

ახალი ავტობუსები  ყველაზე დატვირთულ საავტობუსო ხაზებს ჩაანაცვლებს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიაში ამ დრომდე არ აქვთ პასუხი როგორ იმუშავებს ტრანსპორტი 8 თებერვლიდან

ახალი ავტობუსები ძველი სვლაგეზებით - მერიას მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გეგმა არ აქვს

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს
Print