ახალი ამბები
ახალი ავტობუსები ძველი სვლაგეზებით - მერიას მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გეგმა არ აქვს
FaceBook
ორშაბათიდან ქალაქში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ, თუმცა, სვლაგეზების ახალი გეგმა, რომელზეც მერია საუბრობდა, ამ დრომდე არ არსებობს.

გეგმის არარსებობის გამო, ავტობუსები ჯერჯერობით, ისევ ძველი სვლაგეზებით იმოძრავებენ, იდეებს კი სატრანსპორტო კომპანიაში მოქალაქეებისგან ელოდებიან.

შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელი, გიორგი გიორგობიანი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები და ამ საკითხზე მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

"ორშაბათიდან ქალაქს ვემსახურებით 36 ახალი ავტობუსით. დღის ბოლომდე ველოდებით დამატებით 24 ავტობუსს.  პრაქტიკიდან გამომდინარე, ვტოვებთ არსებულ ძველ ხაზებს. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში იყო შეხვედრები და ველოდებით ხალხის მოთხოვნას თუ რა ცვლილებები უნდათ გაჩერებებთან და სვლაგეზებთან დაკავშირებით. როგორც კი შემოვა საინტერესო იდეები, აუცილებლად გავითვალისწინებთ", - აცხადებს გიორგი გიორგობიანი.

ერთადერთი, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა ხალხს არ ეკითხება, მგზავრობის ღირებულების მომატებაა. გიორგი გიორგობიანმა ტარიფის 50 თეთრამდე გაზრდა უკვე დააანონსა.

"რაც შეეხება ტარიფებს, სავარაუდოდ გაიზრდება 50 თეთრამდე, მაგრამ ეს არის საკრებულოს პრეროგატივა და  მათ  უნდა იმსჯელონ ამაზე", - განაცხადა გიორგობიანმა.

სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, 8 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და აკრძალული იქნება ფეხზე დგომა.

სატრანსპორტო საშუალებაში რეგულაციების დაცვას მონიტორინგის სამსახური უზრუნველყოფს.

კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ტრანსპორტი დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიაში ამ დრომდე არ აქვთ პასუხი როგორ იმუშავებს ტრანსპორტი 8 თებერვლიდან





Print