ახალი ამბები
"ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს" - ეკონომიკის სამინისტრო რიონის ხეობის გასხვისებაზე
FaceBook
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ  რიონის ხეობაში კომპანია "ენკასთვის"  მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
"გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომპანია "ენკას," რომელიც ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა რიონის მთელი ხეობა.

ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას - კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები, რაც ქვეყანაში ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა - როდესაც ინვესტორი ახორციელებს ინვესტიციას, მითუმეტეს, განსაკუთრებით დიდ ინვესტიციას (საუბარია 800 მილიონ დოლარზე), ცხადია, მიწა მას უნდა ჰქონდეს ან საკუთრებაში, ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით.


დამატებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ჰესების მშენებლობის და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულებასთან ერთად, მოიცავს ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის, ნამოხვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობას კომპანიის ხარჯებით და შემდგომში მის უსასყიდლოდ გადაცემას სახელმწიფოსთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას არ აქვს უფლება, მისთვის გადაცემული კონკრეტული მიწები გამოიყენოს სხვა მიზნებისათვის ან გაასხვისოს მესამე პირებზე", -  ნათქვამია  ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხდებაში. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში
ჰესები შენდება.  ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებასთან ერთად მოსახლეობის პროტესტიც არ წყდება. მოსახლოება აცხადებს, რომ უცხოელებისთვის (ინვესტორი თურქული კომპანია) მიწის ნაკვეთის 99 წლით გადაცემა უსამართლობაა. ამის გარდა,  მოსახლეობას მიაჩნია, რომ ჯესები მათ საცხოვრებელს და არა მხოლოდ,  საფრთხეს შეუქმნის. 

ხეობის ტერიტორიის უცხოური კომპანიისთვის გადაცემას გამოეხმაურა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანეც. მისი თქმით, ბევრი კითხვა არსებობს სახელმწიფოსთან, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.

"მართალია, რომ 99  წლით გაასხვისეთ რიონის ხეობა და რიონის ხეობის დიდი ნაწილი? ვინმემ გარკვევით გაგვცეს პასუხი. მე ამას გამიზნულად ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ამის დამალვა არ შეიძლება და ერთი საუკუნე იცით რას ნიშნავს? ერთი საუკუნე გავა დაგვიბრუნებენ თუ არა კაცმა არ იცის. რა ისეთი ენერგო დამოუკიდებლობა უნდა მოვიპოვოთ, რომ პირდაპირ ვკარგავთ მთელი ხეობის ფლობის უფლებას", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს.

ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

ადგილობრივების პროტესტს რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას განცხადებით, ჰესთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მიღებულია და მოსახლეობის მღელვარება გადაჭარბებულია.


ამავე თემაზე:

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)

გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით  -  „ენკას“ განმარტება

Print