ახალი ამბები
„ეს არ იქნება ერთი კაცის პარტია“- ქუთაისში ახალი პოლიტიკური ცენტრის ოფისი გაიხსნა
FaceBook
"არსებული ხელისუფლება ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს დგას ჩვენს წინაშე“.

ქუთაისში პოლიტიკური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი -გირჩის“ ოფისი (გ.ტაბიძის #19) გაიხსნა. ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებლის, პარლამენტარ ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, "მნიშვნელოვანი იყო თბილისის გარეთ პირველი ოფისი სწორედ ქუთაისში გახსნილიყო, რადგან ქუთაისი არის საპარლამენტო დედაქალაქი".

პრეზენტაციაზე ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლებმა იმ გამოწვევებზე ილაპარაკეს, რომელიც დგას დღეს ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე.

მათ დამსწრე პუბლიკას გააცნეს გეგმები, რის განხორციელებასაც აპირებს ახალი ორგანიზაცია.

"არსებული ხელისუფლება ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის ჩვენს წინაშე. გვინდა შევქმნათ ახალი პლატფორმა, სადაც საშუალებას მივცემთ ახალ ადამიანებს, ნიჭიერ ახალგაზრდა ხალხს, რომ თავი გამოიჩინონ და შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზაცია. ეს არ იქნება სტანდარტული პარტია, ისეთები როგორიც საქართველოს მოსახლეობას ბევრჯერ უნახავს, ეს იქნება ახალი, ევროპული ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ ხაზგასმა მოახდინა, რომ საგარეო კურსის თვალსაზრისით პარტია ცალსახად პროდასავლური იქნება.

"ეს არ იქნება ერთი კაცის პატია, ეს იქნება ბევრი ნიჭიერი ადამიანის პარტია", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ახალი პოლიტიკური ცენტრის ქუთაისის ოფისს თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს.

თემურ ცამციშვილის თქმით პარტიის შემადგენლობის წარდგენა ცალკე მოხდება.

Print