ახალი ამბები
"ქუთაისის მერიის შიდა აუდიტმა საბინაო სამსახურში კორუფცია გამოავლინა"
FaceBook
ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურმა მერიის საბინაო სამსახურში დარღვევები აღმოაჩინა.

შიდა აუდიტის დასკვნა ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიამ გაასაჯაროვა. შუშანიას განცხადებით, მერია  დოკუმენტს მალავდა.

"ქუთაისის მერიის შიდა აუდიტმა საბინაო სამსახურში კორუფცია გამოავლინა. ეს ეხება საბინაო სამსახურის სამი წლის საქმიანობას. მილიონობით ლარს ხარჯავენ ბიუჯეტიდან სხვადასხვა კორპუსების შერემონტებისთვის, ატრაქციონების, სპორტული მოედნების მოწყობისათვის. ეს დასკვნა ამტკიცებს იმას, რომ მთლიანად აღებ-მიცემობაა ამ სამსახურში. წერია, რომ არის ადგილები, სადაც საქანელები საერთოდ არაა და უნდა იყოს, ზოგან აკლია.  საუბარია, ასევე, რომ შემსრულბელეი კომპანიების შერჩერვა ხდება დარღვევით. არის კომპანიები, რომლების მუშაობაც არ აწყობთ და მატებით აჯარიმებენ. ეს ყველაფერი კორუფციაზე მიუთითებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ 6 თვე მალავდა ქუთაისის მერი ამ დოკუმენტს",
- განაცხადა შუშანიამ.

გარდა ამ დასკვნისა გიგა შუშანიამ კიდევ ერთი დოკუმენტი წარმოადგინა, რომლითაც ირკვევა, რომ ქუთაისის მერმა საკრებულოს შიდა აუდიტის დადებითად შეფასება სთხოვა. თუმცა საკითხი ჯერჯერობით საკრებულოს არ განუხილავს.

"ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის-შიდა
აუდიტის განყოფილების მიერ განხორციელებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის სისტემური და შესაბამისობის შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიში შეფასდეს დადებითად", - წერია საკრებულოსთვის ქუთაისის მერიის მიერ გაგზავნილ დოკუმენტში  

,,ნაცვლად იმისა, რომ მერს სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა და დასკვნა გადაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში მან საკრებულოს მისწერა, რომ დასკვნა დადებითად შეეფასებინათ. მიგვაჩნია, რომ ქუთაისის მერი მფარველობს კორუფციას",
- განაცხადა შუშანიამ.

ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ოპოზიციონერი დეპუტატი კი მერიას დოკუმენტზე საპასუხო ქმედებების განსახორციელებლად ერთ კვირიან ვადას აძლევს. თუ მერიას დოკუმენტს სამართალდამცავ უწყებებს არ გადაუგზავნის, პროკურატურაში მას ,,ნაციონალური მოძრაობა" გადააგზავნის.




Print