ახალი ამბები
სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს
FaceBook
სოფელ ნამოხვანში აქტივისტების მიერ აღმართული ჯვარი, გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს მოხსნეს.

ჯვარი ახლა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარშია გადატანილი. ჯვრის დემონტაჟს წინ უძღოდა ჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება.  30 იანვარს, სოფელ ჟონეთსა და ნამოხვანში, სადაც აქტივისტები ნამახვანჰესის  მშენებლობას სამი თვეა აპროტესტებენ, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.  ადგილობრივებს პოლიციამ ჯერ კარავის დაშლა მოსთხოვა, შემდეგ კი ჯვრისკენ მისასვლელი გზა ჩაუკეტა. საბოლოოდ, სამართალდამცავებმა  ძალის გამოყენებით კარავიც დაშალეს და ჯვარიც მოხსნეს. კომპანია "ენკამ" კი სამთვიანი პაუზის შემდეგ, პოლიციის დახმარებით, ტერიტორიაზე ტექნიკა შეიყვანა და ჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა.

მომხდარის მიუხედავად, რიონის ხეობის მცხოვრებლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და 7 თებერვალს ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან.

რიონის ხეობაში ადგილობრივები სამი თვეა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ხეობაში გიგანტური, 433 მეგავატიანი ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჰესის პროექტი საფრთხისშემცველია მიკროკლიმატისთვის, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები,  წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე.


Print