ახალი ამბები
პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, სადაც გიგანტური ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სამი თვეა კარავი აქვთ გაშლილი, პოლიცია მივიდა.
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ კარავი აიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებენ, რომ მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟს თავად დაიწყებენ. სოფელ ჟონეთში ათეულობით პოლიციელის მისვლას აქციის მონაწილეები აპლოდისმენტებით და შეძახილებით" მონებო" შეხვდნენ. ადგილზე სამართალდამცავების გამოჩენას ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ და არც კარავს აიღებენ.
ჟონეთში ვითარება დილიდან დაძაბულია. გამთენიას ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე, იქ, სადაც ადგილობრივები არიან დაბანაკებული, პოლიცია მივიდა და აქციის მონაწილეებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა. პარალელურად კი პოლიციის კორდონის თანხლებით, ტერიტორიაზე ჰესის მშენებელი კომპანია "ენკას" კუთვნილი ტექნიკა შევიდა და სამუშაო პროცესი განაახლა, რომელიც ადგილობრივების პროტესტის გამო სამი თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.

მოგვიანებით, სამართალდამცავებმა ადგილობრივებს კარავიდან 5 კილომეტრში მათ მიერვე აღმართული ჯვრისკენ მიმავალი გზა ჩაუკეტეს და იქ ასვლის უფლებას არ აძლევდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარავის დასაშლელად და პროტესტის შესაწყვეტად ერთ საათიანი ვადა მისცა. რიონის ხეობის მოსახლეობა აქციების შეწყვეტას მანამდე არ აპირებს, ვიდრე კომპანია "ენკა" ხეობას არ დატოვებს.
Print