ახალი ამბები
როგორ აპირებს ქუთაისის მერია სტუდენტებისთვის მგზავრობის სუბსიდირებას
FaceBook
ქუთაისში, სტუდენტების  საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილება, შესაძლოა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააფინანსოს, თუმცა საუბარია, მგზავრობის ნაწილობრივ სუბსიდირებაზე.

თუ რამდენი პროცენტით უნდა დაფინანსდეს ფიქსირებული ტარიფი, ამის დასადგენად, ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს.

ოთარ ლორთქიფანიძის თქმით, საჭიროა საკითხის განხილვაში საზოგადოების წარმომადგენლებიც ჩაერთონ და დადგინდეს ოპტიმალური ტარიფი, რომლითაც ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ისარგებლებენ.
საუბარია დაახლოებით 10 000-ზე მეტ  სტუდენტზე, თუმცა, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი შეძლებენ თუ არა შეღავათით სარგებლობას ის სტუდენტები, რომლებიც ქუთაისში  სწავლობენ, მაგრამ ამ ქალაქში არ ცხოვრობენ.
ინიციატივის ავტორი თვლის, რომ ტარიფის სრულად სუბსიდირებას  ბიუჯეტი ვერ შეძლებს.

"ის, რომ სრულიად უფასო იყოს მგზავრობა, ამის ფუფუნება ჩვენს ქვეყანას არ აქვს. სავარაუდოდ,  საორიენტაციოდ აღებული იქნება ის ტარიფი, რაც  აპრობირებულია თბილისში.  თუ გავითვალისწინებთ სტუდენტების იმ რაოდენობას, რომლებიც არიან ჩვენს ქალაქში და  გავამრავლებთ მგზავრობის ტარიფზე, შესაძლოა, კოლოსალური თანხა მივიღოთ, ამიტომ გვჭირდება ფინანსების მოძიება. თუმცა, მიზანი რომელიც დავისახეთ, მიუღწეველი არ არის. ამისთვის გვჭირდება მუშაობა და ჩართულობა",
- განაცხადა ინიციატივის ავტორმა, ოთარ ლორთქიფანიძემ.

ოთარ ლორთქიფანიძემ  საკრებულოში ინციატივა მას შემდეგ წარადგინა, რაც  უფასო მგზავრობის მოთხოვნით სტუდენტებმა რამდენიმე აქცია გამართეს. 

სტუდენტებთან ერთად, მგზავრობის ტარიფის ნაწილობრივ სუბსიდირება, შესაძლოა სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვისაც მოხდეს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად ვის შეეხება ახალი ფასთა სისტემა.

ქუთაისში, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი, სავარაუდოდ, პირველი მარტიდან ამუშავდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში საქალაქო ტრანსპორტი კიდევ ერთი თვე არ იმუშავებს.


ამავე თემაზე:


ქუთაისში სტუდენტებისთვის სატრანსპორტო მომსახურებაზე შეღავათების დაწესება იგეგმება

ქუთაისში სტუდენტები ტრანსპორტზე შეღავათს ითხოვენ


Print