ახალი ამბები
„ამნისტიის შესახებ“ კანონი 10883 პრობაციონერს ეხება
FaceBook
დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი 10883 პრობაციონერს ეხება.

აქედან  477 ქალია, 68 კი არასრულწლოვანი მსჯავრდებული.  სააგენტოს ინფორმაციით, ამნისტიის აქტით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო 3522 მსჯავრდებულს სრულად მოეხსნება სასჯელი; 5361 მსჯავრდებულს გაუნახევრდება; 1468 მსჯავრდებულს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება; 532 მსჯავრდებულს კი, ამნისტია ნაწილობრივ შეეხება. პირს, რომელიც რამდენიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, შეუმსუბუქდება მხოლოდ იმ მუხლებისთვის დაწესებული სასჯელი, რომლის ამნისტიასაც კანონი ითვალისწინებს.

,,პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფ იმ მსჯავრდებულთაგან, ვისაც ამნისტია შეეხება, 4920 პირი გასამართლებულია საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა: ნარკოტიკული დანაშაული, ავტოსაგზაო შემთხვევა; 3422 პირი გასამართლებულია ეკონომიკური დანაშაულებისთვის – ქურდობა, მითვისება/გაფლანგვა, გადასახადისაგან თავის არიდება, ქონების დაზიანება, თაღლითობა; 891 პირი გასამართლებულია ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ძალადობა, მუქარა (გარდა ოჯახური ძალადობისა); 1650 პირი კი – ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის",
- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტომ პრობაციონერების საქმეები სასამართლოს უკვე გადაუგზავნა. მათზე ამნისტიის გავრცელების საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო ინდივიდუალურად იღებს.
Print