პოლიტიკა
თერჯოლის მერის ყოფილი მოადგილე ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს
FaceBook
თერჯოლის მერის ყოფილი მოადგილის კომპანია მუნიციპალიტეტში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს.

ამის შესახებ ინფორმაცია  ორგანიზაცია ,,ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მათ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ შპს ,,საგო" რომელიც თერჯოლაში, სოფელ ღვანკითში 2017 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა, ნაომი სარდანაძეს ეკუთვნის. იგი მერის მოადგილის თანამდებობას 2012 წლიდან  2017 წლის ჩათვლით იკავებდა.

ტენდერებიდან ჯამში მას 401 ათასი ლარი აქვს მიღებული. გასულ წელს კი მისმა კომპანიამ 255 149 ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო. შპს საგო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებდა. მოგებული ტენდერტები სანიაღვრე არხების მოწყობას, ღობეების შეკეთებას და სტიქიით დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციას ეხებოდა.

"ნაომი სარდანაძის დაფუძნებულმა შპს "საგომ" თერჯოლის მუნიციპალიტეტში 6 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 4 შემთხვევაში უკონკურენტო გარემოში. შპს "საგო" ერთ შემსყიდველზე დამოკიდებული მიმწოდებელია და მხოლოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს.ჯამში 4 უკონკურენტოდ მოგებული ტენდერის ღირებულება 274,817 ლარია. ამჟამად ნაომი სარდანაძის კომპანიას თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამი მიმდინარე ტენდერი უფიქსირდება: (NAT200003261) შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქალაქში რუსთაველის ქუჩის გასწვრივ არსებული ღობის რეაბილიტაცია, ღირებულება 138,997 ლარი; (NAT200008720) თერჯოლაში სხვადასხვა ლოკაციაზე სანიაღვრე არხების მოწყობა. ხელშეკრულების თანხა განისაზღვრა 26,946 ლარით; (NAT200013857) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიისგან დაზარალებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 77,945 ლარია",- აცხადებენ ორგანიზაციაში.


თერჯოლის  მერიის ყოფილი თანამდებობის პირის უკონკურენტოდ მოგებულ სახელმწიფო შესყიდვებზე განმარტებას აკეთებენ ადგილობრივ თვითმმართევლობაში. მათი განცხადებით, თითოეული ტენდერტი სახელმწიფო აუდიტის მიერ მოწმდება, რაც გამორიცხავს მიკერძოებულობას.

,,მითითებული ტენდერები შემოწმებულია სახელმწიფო აუდიტის მიერ და თქვენი მხრიდან მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაიმე სახის დარღვევა არ გამოვლენილა. აქვე გაცნობებთ, რომ ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობა არის დახურული და კონკურენტული. შესაბამისად, შემსყიდველს არ შეუძლია რაიმე სახის ქმედების განხორციელება რომელიმე კომპანიის მიმართ",
- აცხადებენ თერჯოლის მერიაში. 

მათი განცხადებით შესყიდვის პროცესის გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელწმიფო აუდიტთან ერთად მონიტორინგს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც ახორციელებს.








Print