ახალი ამბები
გელათის გადახურვის სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები დაჯარიმდნენ და პროცესს ჩამოშორდნენ
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" და "იკორთა 2007" 12000 - 12000 ლარით დააჯარიმა.

სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიებმა გაფრთხილების მიუხედავად, ვერ უზრუნველყვეს ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გამოსწორება.

სააგენტომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 18 იანვარს ტაძრის დასავლეთი მკლავზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვა დაზიანდა.

რამდენად სამართლიანად მიიჩნევენ ჯარიმებს  სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებში ამ მიზნით მათ დავუკავშირდით. 

"ეს ინფორმაცია არ ვიცი. ალბათ, მცდარია, ჩვენ სამუშაოები ოთხი წლის წინ შევასრულეთ",- განაცხადეს შპს "იკორთა 2007-ში". რაც შეეხება მეორე კომპანიას, 

"ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში" ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

უკვე ცნობილია, რომ დროებით სამუშაოებს ტაძარზე კომპანია "ბაგინეთი +" განახორციელებს. სამუშაოების წარმართვას კი სააგენტოს ინფორმაციით, ფინანსურად სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები უზრუნველყოფენ, თუმცა, ვინ იქნებიან ეს კომპანიები, უცნობია.

სააგენტოს ცნობით, ტაძარზე დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები უკვე დაიწყო და დღეს დასრულდება.

გელათის მონასტერში წყალი სახურავის რეაბილიტაციის დასრულებიდან ერთ თვეში ჩავიდა. წვიმამ მნიშვნელოვნად დააზიანა ფრესკები. ტაძრის კედლებიდან მხატვრობის ფრაგმენტები ამ დრომდე ცვივა. 

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

Print
თეგები: #გელათი