ახალი ამბები
"ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში შრომითი უსაფრთხოების პრობლემებია" - პროფკავშირები
FaceBook
საქართველოს პროფესიულ კავშირებში აცხადებენ, რომ ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც  მუშა გარდაიცვალა, უსაფრთხოების  წესები ირღვევა.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან  საუბარში პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ დოლაბერიძემ განმარტა. 

მისი თქმით,  ასეთი დასკვნის საფუძველს ქარხანაში დასაქმებული მუშების  განცხადებები და პროტესტი აძლევთ. თამაზ დოლაბერიძის თქმით, გასული წლის იანვარში მუშების გაფიცვისას მათ შრომის ისპექციას ვითარების შესასწავლად მიმართეს, თუმცა  რა რეკომენდაციები მიეცა კომპანიას დღემდე უცნობია.

​მეტალურგიული ქარხანის  „ამბიკონ სტილსის" 200-მდე  თანამშრომელი ექვსი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდა. მაშინ ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

საქმეში ჩართული იყო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაც. თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ გაფიცვის შემდეგ მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულებს მათთან კომუნიკაცია აღარ ქონიათ.

"შარშან, როდესაც იყო აქცია ჩვენ მივმართეთ შრომის უსაფრთხოების კომისიას, მაგრამ რა გააკეთეს, რა რეკომენდაციები გასცეს, არ ვიცით. შარშან შრომითი კოლექტივის პროტესტი იყო და საუბრობდნენ ხელფასების დაგვიანებაზე, სამართლებივ პრობლემებზე, უსაფრთხოებაზე, მაგრამ მას შემდეგ აღარ გამოსულან კონტაქტზე. შეიძლება ჩაითვალოს, რომ კომპანიაში არის სამართლებრივი და შრომითი უსაფრთხოების პრობლემები", - ამბობს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე.

მისივე თქმით, ქარხანაში პროფკავშირების შექმნის მცდელობა იყო, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს. 

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში რამდენიმე დღის წინ 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ის მაშინ დაიღუპა, როცა ქარხანაში მეტალის დნობისას გადმოსული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გამონაბოლქვით ინტოქსიკაცია სახელდება.

​მეტალურგიულმა ქარხანა „ამბიკონ სტილს“-მა მუშაობა 2019 წლის იანვარში, ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში არსებულ შპს „ევრაზიან სტილს“-ის კუთვნილ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე დაიწყო, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში უფუნქციოდ იყო მიტოვებული.


ამავე თემაზე:

ქუთაისში, გაფიცულ მუშებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

პროტესტის მეხუთე დღე – ქუთაისში ქარხნის მუშების გაფიცვა გრძელდება

''ადამიანურად მოპყრობას ვითხოვთ'' - ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ

მეტალურგიული ქარხნის მუშებმა აქცია შეწყვიტეს
Print