ახალი ამბები
პეტიცია მხატვარ ლია უკლებას და კონფერენციის ორგანიზატორების დასაცავად
FaceBook
"საჭიროდ მიგვაჩნია, საქართველოს საპატრიარქომ გააკეთოს დამატებითი განმარტება, რომელშიც დაგმობს და გაემიჯნება ფუნდამენტალისტურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან აგრესიის ყველა შესაძლო გამოვლინებას".



აღნიშნულია პეტიციაში, რომლითაც მოქალაქეთა ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტს, პატრიარქს და პრემიერ-მინისტრს მიმართა.
როგორც პეტიციაშია განმარტებული ამ პეტიციის მომზადების აუცილებლობა პატრიარქის მიერ საკვირაო ქადაგებაზე მხატვარ ლია უკლებასა და ილიას უნივერსიტეტში გამართული სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორების მიმართ გაკეთებულმა შეფასებებმა გააჩინა.

პატრიარქმა მის საკვირაო ქადაგებაში აღნიშნა რომ , "არის ერთი სამწუხარო ამბავი - წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელსაც უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსი. მე ძალიან მიკვირს, როგორ დაუშვა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან".

პეტიციაში მითითებულია, რომ "აღნიშნული შეფასება იძლევა შეშფოთების საფუძველს, რომ შესაძლოა სხვადასხვა რადიკალურად განწყობილმა რელიგიურმა ჯგუფებმა პატრიარქის განცხადება აღიქვან როგორც მხატვარ ლია უკლებასა და კონფერენციის ორგანიზატორების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველი.
ამიტომ პეტიციის ხელმომწერნი მოითხოვენ "საქართველოს საპატრიარქომ გააკეთოს დამატებითი განმარტება, რომელშიც დაგმობს და გაემიჯნება ფუნდამენტალისტურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან აგრესიის ყველა შესაძლო გამოვლინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ მსგავს ფაქტზე პასუხისმგებლობა პირადად დაეკისრება კათოლისკოს პატრიარქს.

საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც არის ქვეყანაში კონსტიტუციისა და, შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების გარანტი, მოახდინოს რეაგირება და გააკეთოს ნათელი განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, უზრუნველყოს მხატვარ ლია უკლებასა და კონფერენციის ორგანიზატორთა უსაფრთხოება", - აღნიშნულია პეტიციაში

Print