ახალი ამბები
იმერეთში წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტებში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დრომდე მათთან 15 ზარი განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობა დახმარებას დატბორილი სარდაფებისა და ეზოების გასაწმენდად ითხოვდა. უფრო რთული მდგომარეობაა იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე ძირულამ დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, ბორითის თემში წაიღო დროებითი ხიდი, რის გამოც შეფერხდა სამანქანო გზით გადაადგილება, მოვარდნილმა ღვარცოფებმა და მეწყერულმა წარმონაქმნებმა დააზიანა საუბნო გზები.

სამტრედიაში, ბაშში საკარმიდამო ნაკვეთები და 10-მდე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. სამაშველო სამსახური თანამშრომლები ადგილზე დილიდან მუშაობენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 სოფელში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სათბურები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებნლების ინფორმაცით, ჯერჯერობით ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია და მიმდინარეობს დათვლა.

სინოპტიკოსების ცნობით, წვიმიანი ამინდები დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში მიმდინარე კვირის ბოლომდეა ნავარაუდევი. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახოს.
Print