ახალი ამბები
ამნისტიის კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა
FaceBook
ამნისტიის კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა.
ადვოკატები და პატიმრების ოჯახის წევრები ამნისტიის აქტს აპროტესტებენ. მათი თქმით, ამნისტიის კანონში შესული ცვლილებები პატიმრების უმრავლესობას არ ეხება.

ისინი მოითხოვენ კანონპროპექტი ფართომასშტაბიანი გახდეს და ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს. პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს.

"კანონი ფართომასშტაბიანი უნდა გახდეს და ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს. ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ავტორი/ინიციატორი მიხეილ სარჯველაძეა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

პროექტის თანახმად, ამნისტია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე გავრცელდება, ძირითადად შეეხება ნარკოდანაშაულს, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია. ამნისტია არ არის გათვალისწინებული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა თუნდაც გაუფრთხილებლობით მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული პირი სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ნასამართლობის არმქონეა, დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან აანაზღაურა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი.
Print