ახალი ამბები
„მათხოვრები ხომ არ ვგონივართ?! - რატომ არიგებენ გაფუჭებულ პროდუქტს ქუთაისის საბავშვო ბაღებში
FaceBook
ქუთაისის მეხუთე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა "ბაღების გაერთიანებიდან" გაფუჭებული პროდუქტი მიიღო.

როგორც იზა ხუხია ქუთაისიპოსტს უყვება, ორი კილო კარტოფილი, რომელიც მას გადასცეს, გაფუჭებული იყო და მისი გამოყენება ვერ შეძლო.

"თუ არ დაარიგებენ არც ეგაა პრობლემა, ამათი ორი კილო კარტოფილი რაში დამეხმარება, მაგრამ თუკი არიგებენ და ამას აკეთებენ ბიუჯეტის ფულით, ხომ შეიძლება ხარისხიანი საკვები  მაინც იყოს?  ისეთი  კარტოფილი მომიტანეს,  შეურაცხყოფილი დავრჩი.  ბოდიში,  მაგრამ გაერთიანების უფროსს  მათხოვრები ხომ არ ვგონივართ? ეს არის დაცინვა და აგდება", - ამბობს მეხუთე საბავშვო ბაღის ფილიალის აღსაზრდელის მშობელი იზა ხუხია.

მისი თქმით, დაზიანებულ პროდუქტს ადრეც იღებდა, მაგრამ ამაზე არაფერს ამბობდა, ბოლოს კი საერთოდ გამოუსადეგარი კარტოფილი მიუტანეს.

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში უხარისხო პროდუქტის შეძენას კატეგორიულად გამორიცხავენ და მომხდარს შემთხვევითობით ხსნიან. გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, პროდუქტში რამდენიმე გაფუჭებული კარტოფილი მართლაც მოხვდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაერთიანება ცუდ პროდუქტს ყიდულობს.

"16 ტონა კარტოფილის დაფასოება ხდება და შეიძლება რამდენიმე ცალი შეყვა გაფუჭებული. ეს არის გამონაკლისი შემთხვევა. ცუდი ხარისხის პროდუქტს როგორ შევიძენთ?! აქამდე არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და აუცილებლად დავინტერესდები ამ ფაქტით", -  განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

პანდემიის გამო ქუთაისის არც ერთი სააღმზრდელო დაწესებულება არ მუშაობს. პროდუქტი, რომელსაც გაერთიანება ტენდერის გზით ყიდულობს, აღსაზრდელებისთვის სახლში მიაქვთ.


აღსაზრდელებისთვის არ რიგდება მალფუჭებადი პროდუქტი. ბაღის მოსწავლეების ოჯახები თვეში ერთხელ იღებენ: 10 ცალ კვერცხს,1 კგ შაქარს, 1კგ ბრინჯს, 2 კგ კარტოფილს,1 ლიტრ ზეთს, 1კგ ფქვილს,  ერთ შეკვრა მაწონს,  200 გრ. კარაქს, 8 ცალ ორცხობილას.  ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ასევე დარიგდა ტკბილეულის ნაკრები.

ქუთაისის საბავშვო ბაღებში 8 234 აღსაზრდელი ირიცხება.
Print