ახალი ამბები
„ენგურჰესი“ რამდენიმე თვით ჩერდება
FaceBook
საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი ჩერდება. "ენგურჰესზე" სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

ჰესის გვირაბი რამდენიმე წლის წინ დაზიანდა, თუმცა, დაგეგმილი რეაბილიტაცია რამდენჯერმე გადაიდო. ენერგო კომპანიის ინფორმაციით,  ე.წ. სადერივაციო გვირაბის განახლებას სამი თვე დასჭირდება. ამ ხნის განმავლობაში  ჰესი გაჩერებული იქნება.

"გვირაბის ზონა მოითხოვს ჰესის სრულ გაჩერებას. გვირაბი წყლისგან უნდა დაიცალოს, რომ იქ სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი გახდეს,"-  განაცხადა შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ.

კომპანიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და სავარაუდოდ,  100 დღემდე გაგრძელდება.

ენგურჰესის დროებით გაჩერებაზე განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ამით საქართველოს ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება. ოკუპირებული აფხაზეთი კი  რეაბილიტაციის პროცესის დროს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მომარაგდება, რასაც აფხაზური მხარე აანაზღაურებს.

"ენგურჰესი" ჩვენი სიმდიდრე და იაფიანი ენერგიაა. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის დანაკარგი გაიზარდა, გვირაბი არაა საუკეთესო მდგომარეობაში, შევარჩიეთ ზამთრის პერიოდი რეაბილიტაციისთვის, რადგან ამ პერიოდში ყველაზე დაბალია წყალი და გამომუშავება მინიმალურია. "ენგურჰესის" 3-4 თვიანი გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური უდიდესია ამიერკავკასიაში. იგი მდებარეობს მდინარე ენგურზე.  ენგურჰესის №1 ჰიდროაგრეგატი  1978 წლის 5 ნოემბერს ამუშავდა. თავისი არსებობის განმავლობაში, ენგურჰესმა 120 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ენგურჰესის წილი ქვეყნის საერთო ელექტრომომარაგებაში 35%-ზე მეტს შეადგენს.


Print
თეგები: #ენგურჰესი